“პაპი პასუხობს” – ასე ჰქვია სახელად დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ოთხშაბათს “დისნეი +”-მა გამოაქვეყნა. ფილმი აღწერს იმ შეხვედრას, რომელიც გასულ წელს პაპს 10 ახალგაზრდასთან ჰქონდა. ახალგაზრდები 20 წელზე ოდნავ უფროსები იყვნენ.
რომის პაპს ახალგაზრდებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს, განსხვავებულ საკითხებზე, მათ შორის ისეთ წინააღმდეგობრივ თემებზე, როგორებიცაა ეკლესიისთვს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები, აბორტი, პორნო-ინდუსტრია, სექსუალური კავშირი და კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ხასიათის დარღვევები თუ დანაშაულები.
“სექსი ერთ-ერთი უმშვენიერესი რამაა, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა”, – ამბობს პაპი დოკუმენტურ ფილმში. “შენი სექსუალობის გამოხატვა სიმდიდრეა. ყველაფერი, რაც რეალური სექსუალობის გამოხატვისგან გაფერხებს, გაკნინებს და ამცირებს ამ სიმდიდრეს”, – თქვა მან ერთ-ერთ დასმულ კითხვაზე პასუხისად.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ისიც გაიმეორა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ლგბტ ადამიანები უნდა მიიღოს.
“ყველა ადამიანი ღმერთის შვილია, ყველა. ღმერთი არავის უარყოფს, ღმერთი მამაა. მე არ მაქვს უფლება ვინმე ეკლესიიდან განვდევნო”, – თქვა მან.
რაც შეეხება აბორტს, პაპმა თქვა, რომ მღვდლები “მოწყალენი” უნდა იყვნენ იმ ქალების მიმართ, ვინც ორსულობა შეწყვიტა, მაგრამ თქვა, რომ ეს პრაქტიკა კვლავ მიუღებელია. “კარგია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. ერთია იმ ადამიანთან ახლოს ყოფნა, ვინც აბორტი გაიკეთა და სრულებით სხვა – ამ აქტის გამართლება”.
რომის პაპის პასუხები ვატიკანის ოფიციალურ გამოცემაშიც გამოქვეყნდა, სადაც მას აღწერდნენ, როგორც ახალგაზრდებთან გახსნილ და გულწრფელ დიალოგს.
წყარო: ამერიკისხმა