შეიარაღებული ანგარიშსწორება დედაქალაქის ცენტრში – 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე, ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ქუჩის სათვალთვალო კამერის წინ, უცნობი პირები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, ასევე, ჩანს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომობილს აჯახებდნენ. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, 10-მდე ახალგაზრდა დაპირისპირდა ერთ-ერთი პირს, რომელიც ავტომობილშია, მას ქვებიც დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, ის ადამიანები, რომლებიც ჟვანიას ქუჩაზე დაახლოებით, 7 საათზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ადგილობრივები არ არიან.
“პოლიცია ჩვენთან არ მოსულა. არ ვიცი ვინ გამოიძახა. როდესაც აივანზე გავედი დავინახე რომ ადამიანები იდგნენ. დარწმუნებული ვარ ვიდეო ბევრმა ადამიანმა გადაიღო. შავი მანქანის, ნიშანი იქვე დააგდეს. არ ვიცი ვინ იყო ან რამდენი ადამიანი იყო. გარეთ მას შემდეგ გავედი რაც ხმაური გავიგე. ბლოგერი ვარ და ვიდეო მაგიტომ გადავიღე. ხმაური იყო. პოლიცია საერთოდ არ მინახავს,” – ამბობს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს. უწყებას ჯერ არ ჰყავს იდენტიფიცირებული დაპირისპირებაში ფიგურანტი პირები.
წყარო: მთავარი არხი