გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის.
მევენახე ფერმერები, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50 %-ის ნაცვლად 70 %-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის მოსავლის დაზღვევას.
პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება.