აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია პარლამენტთან გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კანცელარიის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები.
უკვე 2 კვირაა იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების დედები და ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას მართავენ და ღამეებს ათევენ, თუმცა მათი პროტესტის ხმა პრემიერ ღარიბაშვილს არ ესმის. შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის, “ვოზორიტიდის” შემოტანასთან ერთად, დედები სწორედ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიაწოდონ რეალურად რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ წამალს მათი შვილების ჯანმრთელობისათვის.