სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის კაცს, მდინარე მტკვარში, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“მდინარის ნაპირებზე დავდივართ, ახალი არაფერია”, – ამბობს დაკარგული კაცის ბიძაშვილი.
ადგილობრივების განცხადებით, სამაშველო ღონისძიებებში გუშინვე უნდა ჩართულიყო თბილისიდან ჩამოყვანილი მყვინთავების ჯგუფი. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა პრესსამსახურის წარმომადგენელმა ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.
“სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, დანარჩენი დეტალები არ მაქვს”, – ამბობს იგი.
ცნობისთვის, 28 წლის კაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა. იგი სოფელ თმოგვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში უნდა მისულიყო.
ფერმამდე მისასვლელად კაცი მტკვარზე უნდა გადასულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ის წყალში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე ხიდი არ არის, მოსახლეობა წყალზე გაჭიმული ბაგირით სარგებლობდა, რომელზეც კალათა იყო ჩამოკიდებული.
როგორც გუშინ ერთ–ერთმა მოქალაქემ “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, 28 წლის კაცმა წყალზე გადასვლელად კალათა არ გამოიყენა და ბაგირზე ჩამოკიდებულმა სცადა მეორე მხარეს გადასვლა.
სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მტკვარში მისი ზურგჩანთა იპოვეს.