გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის ამჟამად შეუძლებელია. ამის შესახებ გაეროს ხელმძღვანელმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
”სამწუხაროდ, მე მჯერა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ამჟამად შეუძლებელია”, – თქვა მან.
გუტერეშის თქმით, მიზეზი ის არის, რომ ახლა „ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება“.
“ჩვენ შეძლებისდაგვარად ვაწარმოებთ დიალოგს ორივე მხარესთან კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან… მაგრამ ახლა მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს”, – თქვა გუტერეშმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს მთავარი მიზანია „სამართლიანი მშვიდობის დამყარება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შესაბამისად“.
გარდა ამისა, გუტერეშმა აღნიშნა ჩინეთის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის მნიშვნელობა.
როგორც ცნობილია, პეკინმა ჩამოაყალიბა ე.წ. 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და მოუწოდა უკრაინაში ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ცოტა ხნის წინ ჩინეთის ლიდერი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც პეკინის პოზიციას ომის შესახებ „მიკერძოებული“ უწოდა.