პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების” მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” საკითხი განიხილა.
როგორც საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, კომისიის გამოსაკვლევ საკითხებად განსაზღვრულია: 2020 წლიდან დღემდე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების” შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათი განხორციელების სქემა და პასუხისმგებელი პირები; შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები; სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.
„ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ არასათანადო და არაეფექტურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ უდიდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოვალეობაა ამ არასათანადო რეაგირების დროული შესწავლა და პოზიტიური და პროაქტიული როლის შესრულება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამით რეალური საფრთხე შეექმნება 12 პუნქტის შესრულებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას”, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
შესაბამისი დადგენილების პროექტის ავტორი და ინიციატორია ოცდაათზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი.
კვორუმის არარსებობის გამო, საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ვერ ჩატარდა.