ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზებას გამოეხმაურა. ყაზახეთის ლიდერის თქმით, ქვეყანას არ სჭირდება რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან შეერთება და არც ბირთვული იარაღი სჭირდება.
“ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ ყაზახეთს სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა. ვაფასებ მის იუმორს. ვფიქრობ, ყაზახეთისთვის ამის საჭიროება არ დგას, რადგან უკვე არსებობს არაერთი გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი.
რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან უკვე მოვაწერეთ ხელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და ბირთვულ იარაღზე ცდების აკრძალვის ხელშეკრულებებს“, – განაცხადა თოყაევმა.
თოყაევმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ერთგული რჩება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. მისივე თქმით, ევრაზიის დიდ რეგიონში თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით უნდა განვითარდეს.
ცნობისთვის, მანამდე ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშეკომ რუს პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ისაუბროსას განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ იარაღს მიაწვდის ყველა ქვეყანას, რომელიც შეუერთდება “რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს”.
მისი თქმით, ძალიან მარტივია, ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ეს არის – ყველასთვის იქნება ბირთვული იარაღი
,,თუ ვინმე ამაზე ღელავს, არ მგონია, რომ ყასიმ ტოყაევი [ყაზახეთის პრეზიდენტი] ამაზე ღელავდეს, თუმცა თუ მოულოდნელად რამე მოხდება, მაშინ აღარავინ დაინტერესდება, აქვს თუ არა ყაზახეთს და სხვა ქვეყნებს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა რუსეთს ფედერაციასთან, როგორიც ჩვენ გვაქვს,“ – თქვა ლუკაშენკომ.
ავტორი