პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გასულ ღამეს, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას და სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღეა, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მარტის აქციების დროს, ე.წ. „კოქტეილის საქმეზე“ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.
1 ივნისს, ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.
რაც შეეხება გასულ ღამით განვითარებულ მოვლენებს, თავდაპირველი მონაცემებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ღამით სამი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ამ დროისთვის თუთბერიძე თავისუფალია.