რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის მიერ 2023 წლის ბოლოს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს. სადაც ასახელებს 4 მიზეზს, თუ მაინც რატომაა შესაძლებელი საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ჟურნალისტი წერს, რომ ევროკავშირში თანამდებობის პირებს საქართველოს პროგრესის ნაკლებად სჯერათ. იოზვიაკის ცნობით, ზოგი მათგანი თბილისის ევროკავშირთან დაახლოების სურვილსაც კი აყენებს ეჭვქვეშ და მაგალითად მათ ბოლოდროინდელი მოვლენები მოჰყავთ – იქნება ეს უცხოელი აგენტის კანონის ამოქმედების მცდელობა თუ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას წელს სტატუსის მიღების იმედი აქვს და ირწმუნება, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველა სრულდება, გარდა ერთისა – დეპოლარიზაცია.
“ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, რომლებთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს პროგრესის ნაკლებად სჯერათ. ზოგი მათგანი თბილისის ევროკავშირთან დაახლოების სურვილსაც კი აყენებს ეჭვქვეშ. მაგალითად მათ ბოლოდროინდელი მოვლენები მოჰყავთ – იქნება ეს უცხოელი აგენტის კანონის ამოქმედების მცდელობა თუ რუსეთთან პირდაპირი ავიაიმოსვლის განახლება”, – წერს იოზვიაკი.
მისი თქმით, ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალურ პირთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა 4 მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს სატატუსი მიენიჭოს – “იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის ზაფხულში გაცემული რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებისგან”.
იოზვიაკის შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსებობს შანსი, რომ ევროკომისია ამ წლის ოქტომბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს და ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება.
ჟურნალისტი წერს, რომ მისი წყაროების ცნობით, წლის ბოლოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირი მწვანე შუქს აუნთებს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით მიიწევს წინ იმ პირობების შესასრულებლად, რაც მათ 2022 წელს კანდიდატის სტატუსთან ერთად წარუდგინეს.
რიკარდ იოზვიაკის წერს, რომ არსებობს შემდეგი 4 მიზეზი:
პირველი მიზეზი:
ევროკავშირმა, გარკვეული გაგებით, რაც უნდა უხეშად ჟღერდეს, “გააუფასურა” კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა, რაც ყველაზე მკვეთრად გამოჩნდა გასულ წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში, როდესაც სტატუსი მიანიჭა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ სარაევოს ბრიუსელის მიერ 2019 წელს დაწესებული 14 პირობა, ან როგორც ხშირად მოიხსენიებდნენ, “ძირითადი პრიორიტეტები” ბოლომდე არ შეუსრულებია. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ბოლო შეფასება, რაც ევროკომისიამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე გასცა, გამკიცხავიც კი იყო. ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ამ შეფასებას ყველაზე კრიტიკული ანგარიშიც კი უწოდა, რომელიც ოდესმე გაუცია ბრიუსელს, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ეს კრიტიკა მიივიწყეს და ბოსნია კანდიდატი ქვეყანა გახდა. რატომ? ნაწილობრივ იმიტომ, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი და ევროკავშირის ქვეყნებმა, კონკრეტულად კი სლოვენიამ და ავსტრიამ, მოითხოვეს სარაევოს ჩართვაც გაფართოების პროცესში, ვინაიდან ეჩვენებოდათ, რომ ევროკავშირის წევრობის მომლოდინე დასავლეთ ბალკანეთს ბრიუსელი გვერდს უქცევდა.
დღეისათვის, ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, აქვს მინიჭებული კანდიდატის სტატუსი. გამონაკლისი კოსოვოა, რომელსაც ევროკავშირის წევრი 5 ქვეყანა (და არც საქართველო) არ აღიარებს.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება არ გახდება განსაკუთრებული გამონაკლისი, რადგანაც კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც ბევრი ევროპელი ჩინოვნიკი უყურებს დღეს ამას, შედარებით მარტივად მისაღწევ მიზნად იქცა.
მეორე მიზეზი:
პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ იმპულსთან. დიდი პაუზის შემდეგ ევროკავშირის გაფართოება აქტუალური გახდა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ შეიძლება კვლავ ჩაკვდეს და ჩაიკარგოს 2024 წლის ივნისში დაგეგმილი არჩევნების ორომტრიალში. ქვეყნებსა და ოფიციალურ პირებს შორის ევროკავშირის პოლიტიკური ჯგუფების, მაღალი თანამდებობებისა და პორტფელების გადანაწილების პროცესის შედეგი შესაძლოა სულაც არ წაადგეს გაფართოების პროექტს და დღეს არსებული კეთილგანწყობაც შეიცვალოს. შესაბამისად, ახლა საუკეთესო დროა საქართველოსთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაზე, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.
მესამე მიზეზი:
თუ კიევისა და კიშინიოვის წყვილი ერთ ნაბიჯს გადადგამს წინ, საქართველოც ერთი ნაბიჯით უნდა წაიწიოს, ტრიოში ძლიერი ჩამორჩენის საფრთხის ასარიდებლად. ბრიუსელში სურთ, რომ ეს ჯგუფი შეინარჩუნონ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
მეოთხე მიზეზი:
უნდა განვიხილოთ, თუ რატომ არის შესაძლებელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მაინც მინიჭება. როგორც ვხვდები, მას კლასიკურ „ბრიუსელურ ტკბილეულს“ შესთავაზებენ, თბილისი მიიღებს სტატუსს, მაგრამ სტატუსთან ერთად, შემდეგი ეტაპის გადასალახად და გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად, დამატებითი პირობების შესრულებას მოსთხოვენ. ბრიუსელს, როგორც წესი, კარგად გამოსდის ახალ-ახალი პირობების დაწესება და ერთ-ერთი პირობა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში სწრაფი მოქცევაც გახდეს.
ავტორი