თუ დედამთილი ვერძია
თუ თქვენი დედამთილი ვერძია, სჯობს, ჯავშანი და მუზარადი მოიმარაგოთ. გვერწმუნეთ, გამოგადგებათ, როცა ის განრისხებული იქნება და თეფშების, ჩანგლებისა და სხვა ნივთების კასკადი წამოვა რეაქტიული სისწრაფით და თან ისე, რომ ამ საგნების მიწაზე „პარკირების“ კონკრეტული ადგილი არავის ეცოდინება. მაგრამ ვერძ დედამთილს ერთი პლუსი აქვს – არასდროს ჩაერევა თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობებში, რადგან სხვისი ცხოვრება ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ თუ მეუღლესთან დედამთილის თანდასწრებით მაღალ ტონში ისაუბრებთ… მოკლედ, არ გირჩევთ ამის გაკეთებას!
თუ დედამთილი კუროა
თუ მეუღლესთან ერთად მშობლებთან ცხოვრება გადაწყვიტეთ და თან თქვენი დედამთილი კუროა, გირჩევთ, დროულად მოიმარაგოთ კულინარიული წიგნები, ამის პარალელურად, შეისწავლეთ სწრაფად გახდომის მეთოდები. არ გაგიკვირდეთ – თქვენს დედამთილს უყვარს გემრიელი ჭამა, სხვების გამასპინძლება, მაგრამ თავის ფიგურას არ ივიწყებს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება დიეტას იცავს, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. ამასთან, არ დაუშვებს, რომ თავისი გაზრდილი შვილი ნახევარფაბრიკატებით იკვებებოდეს. კურო – ცნობილი კულინარია და ცოტა ვინმე თუ იტყვის უარს მის მომზადებულ საჭმელზე. მას არ უყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები და ასევე, მის დაუკითხავად არავითარ შემთხვევაში არ გადაანაცვლოთ ავეჯი და არ გააკეთოთ რემონტი. კურო ითმენს, მაგრამ გარკვეულ დრომდე. შემდეგ იტყვის და თქვენ ინანებთ, რაც ჩაიდინეთ. მოკლედ, თუ ავეჯის გადაადგილება გინდათ, ნახევარი წლით ადრე თქვით ამის შესახებ და თან გაითვალისწინეთ – ამის გაკეთება მხოლოდ თქვენს ოთახში შეგიძლიათ.
თუ დედამთილი ტყუპია
თუ დედამთილის სახლში, რძლის პოზიციებიდან, ავეჯის გადაადგილება და რემონტი დაიწყეთ, თქვენი ინიციატივა ტყუპი დედამთილის მხრიდან დიდი ენთუზიაზმით იქნება მიღებული, თუ თამამად შესთავაზებთ გადასვლას სხვა რაიონში, ამ სიახლეს მხიარული აჟიოტაჟით შეხვდება. ტყუპებს უყვართ ყველანაირი ჭორი, მითქმა-მოთქმა, აქ კი – ახალ რაიონში მეტი შესაძლებლობაა, ეს ნიშნავს ახალ ნაცნობობას… მოემზადეთ განუწყვეტელი სტუმრიანობისთვის – ახალი ნაცნობების მიღება სრული მომსახურებით… თუ შეძლებთ ცხოვრების ამ სტილის მორგებას, ყველაფერი კარგადაა, თუ არა – მოგიწევთ დაქირავებულ ბინაში გადასვლა, თუ არა – თქვენი ცხოვრება კოშმარად იქცევა.
თუ დედამთილი კირჩხიბია
თუ კირჩხიბის რძალი გახდით – ვწუხვართ, მთელი სულითა და გულით. საქმე ისაა, რომ კირჩხიბი „გიჟი დედაა“, პრეტენზიული, კაპრიზული და დედამთილიც – დედამთილზე დედამთილია. მისი სიმპათიის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა და ოფლის დაღვრა დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც არ გიჩვენებთ, თუ რაიმე მოეწონა – ის მუდამ უკმაყოფილო იქნება. არ გაბედოთ მის სახლში დიასახლისობა, მას ისიც ეყოფა, რომ მისი ვაჟის სიყვარულში ეცილებით.
თუ დედამთილი ლომია
თქვენი მდგომარეობა შესაშურია – ამ სიტყვის კარგი გაგებითაც. მხიარული, ენერგიული, საქმიანი დედამთილი არასდროს ჩაერევა თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობებში. ლომს უყვარს დიდი წვეულებები, სუფრა, რძალში თავის შვილს ხედავს, მას ყველაფერში დაუჭერს მხარს, ასწავლის, რჩევას მისცემს. ლომი შესანიშნავი დიასახლისი და წარმატებული ქალია, რადგან უპრობლემოდ ანაწილებს დროს თავის კარიერაზე და სახლზე და ამავე დროს, არ ივიწყებს გართობას. ლომი დედამთილი თქვენი დიდი და ახლო მეგობარია.
თუ დედამთილი ქალწულია
გათხოვებისას არ დაგავიწყდეთ ძვირფასი მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანის, უთოსა და საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის ყიდვა. გაიცანით – თქვენ წინაშეა მანიაკი, რომელიც მკაცრად იცავს უსაფრთხოების სანიტარიულ ნორმებს. თუ მოულოდნელად გესტუმრათ და დაინახა: უწესრიგობა სამზარეულოში, გასარეცხი ჭურჭელი, აქეთ-იქით მიყრილი ნივთები, ჩათვალეთ, რომ დედამთილმა ცივი ომი გამოგიცხადათ. ამის შემდეგ სულ უნდა უმტკიცოთ, რომ არასწორი შთაბეჭდილება დარჩა, მაგრამ გადარწმუნება, რომ საკუთარი სახლის ღირსეული დიასახლისი ხართ – ნამდვილად გაგიჭირდებათ.
თუ დედამთილი სასწორია
ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, როცა სასწორი დედამთილისგან ალერსიან სიტყვებს მოისმენთ, ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენ წინააღმდეგ და კიდევ მოგიწევთ რკინის ლედის სახის დანახვა, დიპლომატიური სვლებით და საყვარელი ღიმილით სახეზე. უპასუხეთ ასევე, ისწავლეთ, რომ იყოთ მისნაირი, რადგან, გახსოვდეთ, რომ ჭადრაკის დაფაზე ხართ, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება წააგოთ, თუ იმავე დიპლომატიას არ ისწავლით, როგორიც თქვენი დედამთილია.
თუ დედამთილი მორიელია
დიდი პლუსი მორიელ დედამთილს – და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მას აქვს მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ის მაშინვე ამოიცნობს ხოლმე ადამიანს, ამიტომ იყავით ის, ვინც ხართ, ნუ ეცდებით სხვისი როლის თამაშს. წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე იქნებით მხილებული. ასევე, არ იჭორაოთ დედამთილის ზურგს უკან – თქვენთვის იქნება უარესი. მოეშვით თამაშს, თქვენ შეძლებთ მორიელთან საერთო ენის გამონახვას. მაშინ გექნებათ მყარი ზურგი და მხარდაჭერა, ხოლო თქვენი მეუღლე ორმაგად ბედნიერი იქნება.
თუ დედამთილი მშვილდოსანია
მშვილდოსნები, პრაქტიკულად, წარმატებული არიან, თუ თავიანთ საყვარელ საქმეს აკეთებენ. მშვილდოსანი დედამთილი წარმატებული პიროვნებაა. ის მუდამ საქმეშია ჩართული. როგორც წესი, ფინანსურად უზრუნველყოფილია, მაგრამ ფულს ქარს არ ატანს. თუ რძალი ჭკვიანი, შრომისმოყვარე და საქმიანი შეხვდება და რაც მთავარია, აჩვენებს, რომ მისი შვილი უყვარს, დედამთილი ძალიან მადლიერი იქნება, დაგეხმარებათ წინსვლაში, მატერიალურად და თავისი საჭირო კავშირებით. იცოდეთ, რომ მშვილდოსანი დედამთილი რძალს იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ მასაც აქვს მისწრაფება წარმატებებისკენ. და დაიმახსოვრეთ, რომ მის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრათ – არ გაპატიებთ. საერთოდ, ის რძალთან ერთად ერთ ტერიტორიაზე ვერ იცხოვრებს. ეს მისთვის დაუშვებელია.
თუ დედამთილი თხის რქაა
პირველ პლანზე – სერტიფიკატები, დიპლომები, მედლები და ამით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ დედამთილ-თხის რქაზე. თუ, ამასთან, საინტერესო სამუშაო გაქვთ და კარიერული წინსვლის პერსპექტივა, საინტერესო კავშირები, დედამთილი თქვენით მოხიბლული დარჩება და ყველა ნათესავი გაიგებს, რა საჩუქარი მიიღო ოჯახმა თქვენი სახით, ის იამაყებს თქვენით. ის მკაცრ, მაგრამ სამართლიან დედამთილად არის მიჩნეული, დაგეხმარებათ ყველანაირად, მაგრამ არა – ფულით. თხის რქა დედამთილი არ იჭორავებს არც თქვენზე და არც სხვებზე თქვენთან. მასთან ჩხუბი არ ღირს – სამუდამოდ განაწყენდება და პირველიც არასდროს შემოგირიგდებათ.
თუ დედამთილი მერწყულია
უზრუნველი მერწყული დედამთილის როლს ადვილად ირგებს, რადგან თვითონაც არ ესმის ბოლომდე, როგორც გახდა თავის დროზე დედა. მერწყულს უყვარს საჩუქრების ჩუქება, დროის ხმაურიანად გატარება, ის უფრო თქვენთან მეგობრობას მოინდომებს. არასდროს ჩაერევა თქვენს ურთიერთობებში, თვალს დახუჭავს უწესრიგობაზე. მისი პრინციპია – რაც უნდა გააკეთოს, მთავარია, ჯანმრთელად იყოს. მისი მინუსია ის, რომ არის არაპროგნოზირებადი, განწყობა ხშირად ეცვლება. ასევე, უყვარს ჭკუის დარიგება.
თუ დედამთილი თევზებია
თუ გინდათ, დედამთილ-თევზებს მოეწონოთ, მასთან უნდა ისაუბროთ გულითად საკითხებზე, სხვადასხვა თემებზე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სფეროებიდან, ფილმებზე, ურთიერთობებზე, თუ ამას კიდევ თქვენს ცხოვრებისეულ დაკვირვებებს დაურთავთ, მისი გულისკენ მიმავალ გზას ნამდვილად მოიგებთ. უყვარს საჩუქრების ჩუქება, რძლის დახმარება – უფრო სიტყვიერად და რჩევებით, რადგან, როგორც წესი, მდიდარი არაა. დედამთილი-თევზები ყველაზე რბილი და უპრეცედენტო დედამთილები არიან, მაგრამ ტყუილად არ ამბობენ – დამდგარ წყალში ბევრი ბაცილააო, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს და გქონდეთ მხედველობაში, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ისინი გრძნობენ, თუ თქვენი გრძნობები მათი ვაჟის მიმართ ყალბია და მაშინ, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეგექმნათ.
ავტორი