ოზურგეთში, „გურია ნიუსის“ ოფისს, ყოველთვის, დილაადრიან, გაზეთის ყოველი ახალი ნომრის გამოსვლისას, ჩვენებური კოლორიტი, მარად ახალგაზრდული სულისკვეთებით განწყობილი, 84 წლის ბესო რამიშვილი სტუმრობს.
როგორც თავის თავს უწოდებს, უკვე ბერიკაცია, თუმცა, ცხოვრებას მშვიდი, შიშის გარეშე გადადგმული ნაბიჯებით მიჰყვება და ყოველი ახალი დღის გათენება, კიდევ იმიტომ უხარია, რომ არც მეტი, არც ნაკლები, თქვენს რედაქციაში მოვდივარ და სიცოცხლის ხალისი და განწყობა მემატებაო.
ყოველი მოსვლის წინ, აუცილებლად რეკავს, თან, ტრადიციულად, ერთსა და იმავეს გაიმეორებს _ „ათ წუთში მანდ ვიქნები“ და არც იფიქროთ, დროს გადააცილოს.
_ ია მამალაძე როგორ არის? გიორგი რას შვება, ჩვენი ბიჭი… სხვა, ჩოხატაურში ხომ მშვიდობაა, ხომ კარგად არიან? _ ეს მოკითხვა-სალამი მისი უცვლელი გამარჯობაა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემოხეთში დავიბადე. ჩემი სული ახლაც იქ დანავარდობს… ზემოხეთის სურნელი მოაქვს გაზეთს. მერე ცხოვრებამ შორს წამიყვანა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გურიაში დამტოვა და ეს ძალიან მახარებს. თუმცა, ჩოხატაური ჩემთვის მაინც სულ სხვა განზომილებააო, ამბობს.
თითქმის „გურია ნიუსის“ დაფუძნების დღიდან, ბესო რამიშვილი ჩვენი მუდმივი მკითხველია და ამავე დროს, ჩვენი გაზეთის გამავრცელებელი. 2000 წელს, როცა შშს სამსახურში მუშაობის დიდი ხნის სტაჟის მქონე, პენსიაზე გავიდა თავის თანამოაზრე თანამშრომლებთან ერთად, ფოლკლორული ანსამბლი „აბჯარი“ ჩამოაყალიბა. ამავე დროს თავდაპირველად „გურია ნიუსის“ 20 ეგზემპლარის მუდმივი გამავრცელებელი იყო… შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, გუნდის ზოგიერთი წევრი გარდაიცვალა, რასაც მტკივნეულად განიცდიდა. მოგვიანებით 15 გაზეთი მიჰქონდა, დღეისთვის კი ხუთ ხელმომწერთან მიაქვს „გურია ნიუსი“ და ახალი ამბები.
_ ეჰ, რომ შემეძლოს, უფრო მეტად დაგეხმარებოდით. ჩვენი თაობა გაზეთის გარეშე ვერ ძლებდა. ადამიანმა ახლაც სულ უნდა იკითხოს გაზეთი, სულ აღმოაჩენს იქ რაღაც კარგს. ჩემს „გურია ნიუსში“ კი, ჩემი ჩოხატაურიდან გამოგზავნილი იდუმალი სითბო მოდის… მიხარია ყოველი ახალი ნომრის მოსვლა. ასე მგონია, ზემოხეთიდან მესტუმრნენ ჩემები… _ ხანდახან ცრემლიც ერევა ბატონ ბესოს.
ამ სასწაულად კეთილშობილი და პასუხისმგებლიანი ადამიანის პუნქტუალობა, ადამიანური, თბილი გული და სიკეთით სავსე თვალები, უმალ გეუბნება, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ სიყვარულით და წესრიგით, წესიერების დაცვით იარა.
გვიამბობს, როგორ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა ზემოხეთში. შემდეგ საკავშირო იურიდიული სასწავლებელი დაამთავრა და ჩოხატაურელი ახალგაზრდა ბიჭი, კვლავ მშობლიურ გურიაში, ოღონდ ოზურგეთში გაგზავნეს სამუშაოდ, შსს-ს რაიგანყოფილებაში.
_ წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ვმუშაობდი. ახლა რას არ იტყვიან. ერთად მოხვევენ ხელს მართალს და მტყუანს და იმ დროში, ვინც სამსახურში იყო, კორუმპირებული და მამაძაღლი იყოო. არ იყო შვილებო, მასე, არა! კომუნისტურ დროებაშიც მუშაობდნენ ადამიანები, სუფთა სინდისით და ხელებით, რომლებსაც არასდროს აუღიათ ქრთამი და არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები. ასე რომ არ ყოფილიყო, დღევანდლამდე ვერ მოვაღწევდით. გინდა, არ გინდა, მაინც იმ დროში დაგებულ საძირკველზე დგას დღეს ქვეყანა. ბევრი კარგი კეთდებოდა და ბევრი საიმედო კადრი მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურაში. ახლა მოვხუცდი და უკან რომ მივიხედავ, არ მრცხვენია, მეამაყება ჩემი ყველა ნაბიჯი, თქვენთან მოსვლა კი, ყველაზე ძალიან მიხარია… _ ასეთი შინაარსის საუბარი ბატონი ბესოს ჩვენთან სტუმრობის ყოველ დღეს ახლავს.
ბესო რამიშვილს და მის მეგობრებს, როგორც ვთქვით, უსაზღვროდ უყვარდათ და უყვართ ქართული ხალხური ფოლკლორი, ხალხური პოეზია და სიმღერები. ეს იყო სწორედ მათი სულიერი მდგომარეობის, ყოველივე მშობლიურისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება, როცა საპენსიო ასაკს მიღწეულებმა, 2000 წელს, შშს-ს შემადგენლობაში მომუშავე პენსიონერთა ანსამბლი „აბჯარი“ შექმნეს.
_ დიდხანს ვმღეროდით ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის სიმღერებს, ხალხურ საკრავებზეც უკრავდნენ ჩვენთან. არაერთ ღონისძიებასა და შეკრებაზე გამოვსულვართ. ეს თქვენც გახსოვთ. მეც მახსოვს, ჩვენ შესახებ „გურია ნიუსში“ წერდით. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ნოდარ გოგელია იყო, შემდეგ ვასილ ქუთათელაძე. ეჰ, ბევრი გარდაიცვალა. ცოტანი დავრჩით და ანსამბლიც, თავისთავად, დაიშალა. თუმცა, ჩვენი პატარა კვალი დავტოვეთ… _ კვლავ მოგონებებით ხშირადსაუბრობს ჩვენთან ერთი კეთილი, უსაზღვროდ მოყვასი კაცი, რომელსაც ბესო რამიშვილი ჰქვია. დღემდე, თითქოს, ყველას ეჯიბრება, რომ „გურია ნიუსის“ ყოველი ახალი ნომერი პირველმა გადაშალოს.
ბესო რამიშვილს მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. სამი შვილისა და ხუთი შვილიშვილის ბაბუას, როგორც თავად გეუბნება, ოჯახის წევრად მიაჩნია „გურია ნიუსი“. ამის გამოხატულება იყო ერთი კვირის წინანდელი მის სიტყვები, როცა დილაადრიან დაგვირეკა და ტკივილიანი ხმით გვკითხა:
_ გაზეთი მოვიდა?
_დიახ, ბატონო ბესო, მობრძანდით!
_ დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. ჯერ სასაფლაოზე უნდა ავიდე… ერთი საათის დაგვიანებით მოვალ და წავიღებ. ამიტომ დაგირეკეთ…
შემდეგ კი, მართლაც, დათქმულ დროს მოდის ან ჩვეული ნელი ნაბიჯებით რედაქციისკენ მომავალი ქუჩაში გვხვდება. როგორც თავად გვეუბნება, ამ ბოლო დროს ამოჩემებულ „ჩაის ქუდს’ იხდის, უფრო სწორად, ხელი მიურბის ქუდისკენ ზრდილობას სისხლხორცეულად ნაზიარებ კაცს.
_ მოიცა, ქუდს მოვიხდი, რომ ლამაზად დაგელაპარაკო…ჰო, ია როგორ არის, გიორგი ხომ კარგადაა? _ ქუჩაშიც გვეკითხება კვლავ სიყვარულით ალალად, როგორც აქამდე ასგზის უკითხავს…
„გურია ნიუსი“ უდიდეს სიყვარულს გამოხატავს ბატონი ბესო რამიშვილის მიმართ და დიდხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს უსურვებს უერთგულეს და გულშემატკივარ მეგობარს… ასეთი ადამიანები ხომ ქვეყნის ფუძე და ბალავარია, რასაც სხვა ვერანაირი ძალა ვერ ცვლის.
ავტორი