ფილადელფიაში კუევასების ოჯახში ქალიშვილის დაბადება წვეულებით აღნიშნეს. ბავშვი სამშობიაროდან გამოწერეს და სახლში გადაწყვიტეს, ოჯახის ახალ წევრს განსაკუთრებულად დახვედროდნენ.
ყველაფერი კარგად იყო, მშობლები შვილის დაბადებით ბედნიერები იყვნენ, მაგრამ მოულოდნელად სახლში ხანძარი გაჩნდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ლუსმა, გოგონას დედამ, მეორე სართულზე ბავშვის ოთახამდე მისვლა ვერ მოასწრო, რადგან ცეცხლი საკმაოდ მალე და დიდ მასშტაბზე ვრცელდებოდა. ქმარმა უფროსი შვილები გაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ცეცხლი ისე მოედო იქაურობას, პატარა გოგონას ოთახამდე ვერც ის მივიდა. სახლი მთლიანად დაიწვა…
მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილის ცხედარი ოფიციალურად ვერ იპოვეს, პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ გოგონა ფერფლად იქცა და ამიტომ ვერ მიაგნეს. ლუსს ბავშვის გარდაცვალების მოწმობაც გადასცეს…
ქალი საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ უფროსი შვილების გამო ცდილობდა, კვლავ გაეგრძელებინა ცხოვრება…
ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, ლუს კუევასი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე წავიდა. იქ დაინახა პატარა გოგონა, რომელიც მას და მის უფროს შვილებს გარეგნულად ძალიან ჰგავდა. მთელი საღამო ვერ ისვენებდა, თითქოს, ინტუიცია კარნახობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. უცებ საოცარი იდეა დაებადა – ბავშვს მიუახლოვდა, უთხრა, რომ თმაში საღეჭი რეზინი ჰქონდა მიწებებული და ამ საბაბით პაწაწინა კულული მოაჭრა, რომელიც მალევე დნმ-ის ანალიზზე გაგზავნა.
იმავე საღამოს ლუსმა მოიკითხა, ვინ მიიყვანა ბავშვი დაბადების დღეზე. გოგონას დედა კეროლინ კორეა აღმოჩნდა. ლუსს გაახსენდა, რომ კეროლინი მისი ქმრის ბიძაშვილის ნაცნობი იყო და ტრაგედიის დღეს მათთან სტუმრად იმყოფებოდა. უფრო მეტიც, ლუსმა გაიხსენა, რომ იმ საღამოს ქალი მათი სახლიდან წავიდა, მერე უცებ მობრუნდა, თქვა, რომ ჩანთა დარჩა, მეორე სართულზე ავიდა და ამ ამბიდან მალევე ცეცხლიც გაჩნდა… მისი ეჭვები ნელ-ნელა არგუმენტირებულ სახეს იღებდა.
მალე დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ სინამდვილეში გოგონა ლუსის ქალიშვილი იყო.
წყარო: mshoblebi.ge