არაერთი ჩინებული მსახიობი გვყავდა ქართველებს. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა. დღევანდელი წერილის პირველი გმირი ბატონი დოდო აბაშიძე ბრძანდება.
80-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც სერგო ფარაჯანოვი მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, სწორედ დოდო იყო ის ადამიანი, რომელიც გვერდში დაუდგა დევნილ ხელოვანს. ახალი გზა გაუკაფა და მასთან ერთად შექმნა ფილმი „სურამის ციხის ლეგენდა“, სადაც ოსმან-აღას როლი შეასრულა.
რომ არა დოდო აბაშიძის ავტორიტეტი და მისი გვარი ტიტრებში, სერგო ფარაჯანოვი, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა სურამის ციხის ლეგენდის გაცოცხლებას. „სურამის ციხეს“ კი ისევ დოდო აბაშიძის წყალობით, „აშუღ ქერიბი“ მოჰყვა.
ეს ყველაფერი დოდო აბაშიძის დამსახურებაა. მისი კეთილშობილი ბუნებისა და მრავალმხრივი სამსახიობო მონაცემების, რომლებსაც იგი ოსტატურად და მოხდენილად ირგებდა, როგორც სამოსს, ჩოხიდან დაწყებული, ძველმანებით დამთავრებული. დოდო აბაშიძე მსახიობად იყო დაბადებული და მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მოუძღვნა.
ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ხალხს ძალიან უყვარდა. ტაქსის მძღოლები ფულს არ ახდევინებდნენ, ბაზარშიც კი ვეღარ შედიოდა, რადგან ხალხი ერთმანეთს ასწრებდა, ვინ რას ჩაუწყობდა ჩანთაში.
ერთხელ, თურმე, ქუჩაში ვიღაც მოხუცმა კაცმა გააჩერა და სესილიამ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მოხვია მკლავები და მაგრად ჩაიკრა გულში.
„მერე თვალცრემლიანმა ამიხსნა: თურმე, ცოლი ჰყოლია გარდაცვლილი და „ბებრების“ (სადაც სესილია და სანდრო ჟორჟოლიანი თამაშობენ) ნახვას ისე უმოქმედია, როცა დამინახა, თავი ვერ შეიკავა-ათას მადლობას მიხდიდა, ასე კარგად განსახიერებული და ამაღლებული როლისთვის. ისე კი, მართალი გითხრათ, ცოტა დამაეჭვა, მაშინ უფრო ახალგაზრდა და უკეთესი შესახედავი ვიყავი და ხომ არ წაიეშმაკა იმ დალოცვილმა-მეთქი“, – ჩვეული იუმორით იხსენებდა ამ ეპიზოდს ქალბატონი სესილია.
ყველაფერში, რასაც აკეთებდა, დიდ მონდომებასა და თავდადებას აქსოვდა. სიყალბე მისთვის უცხო გახლდათ. თავიდან ნებისმიერ როლზე უარს აცხადებდა. რეჟისორები მიჩვეულნი იყვნენ ამას, ამიტომ სცენარს მაინც უტოვებდნენ, იქნებ წაგეკითხათ, დეიდა სესილიაო. ისიც ღამღამობით თავის ოთახში ჩუმად იწყებდა ფიქრსა და მუშაობას. დილით. ოთახიდან რომ გამოდიოდა, თუ მოსწონდა როლი, უკვე მასში იყო შესული.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩაცმულობას, რომელიც მომავალი გმირის ხასიათის შესატყვისი უნდა ყოფილიყო. ამისთვის არ ეზარებოდა ზოგჯერ ძალზე რთულად მოსარგები სამოსელის მრავალგზის ჩაცმა. ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სესილიასთან ერთად ემზადებოდა საგრიმიოროში სცენაზე გასასვლელად, ამბობდა, რომ ვერაფრით ხსნიდა იმ საიდუმლოს, რომელსაც სესილია ფლობდა:
„საათობით ვიმტვრევდი თავს და ძლივს ვაღწევდი ხოლმე რაღაცას. სესილია კი მოვიდოდა, გამოსწევდა თავისი მაგიდის უჯრას და სხვისთვის წარმოუდგენელი საშუალებებით, დაწყებული ყვავილის გამხმარი ფურცლით, და ჩვეულებრივი მურით დამთავრებული, ერთ წუთში, ხელის ერთი მოსმით იცვლიდა სახეს,“ – გაკვირვებას ვერ მალავდა დიდი ვერიკო.
„ჭრიჭინას“ გადაღების დროს რუსთაველის თეატრი დაიწვა. ნახშირი, რომელიც ქალბატონმა მედეა ჩახავამ მაშინ თეატრის გადამწვარი სცენიდან წაიღო, ცნობილ მსახიობს სათუთად ჰქონდა შენახული. აი, როგორ იხსენებდა იგი ამ ფაქტს:
„მახსოვს, იმ წელიწადს თბილისში ძალიან მკაცრი ზამთარი იყო, არადა, „ჭრიჭინას“ ის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო, სადაც მე და დოდო აბაშიძეს წვიმის ქვეშ გვაქვს სცენა. თეატრიდან არ მიშვებდნენ, დასველდება და გაცივდებაო…
იმ დღეს, სპექტაკლის შემდეგ მატარებლით მაინც წავედი ბათუმში, სადაც გადაღება გვქონდა. ფოიეში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, მაგრამ პირველი ჟორა შავგულიძე შემომეგება და მკითხა: „მედიკო, მართალია?“ „რა-მეთქი?“, „რუსთაველის თეატრი დაიწვაო“…
მსახიობებმა ყოველთვის იცოდნენ ერთმანეთის გამოჯავრება, ამიტომ ჟორას მეც ავყევი და ვუთხარი – რუსთაველი არა, თქვენი თეატრი დაიწვა-მეთქი“. „მე სიმართლეს გეუბნებიო“ – მითხრა. „მეც სიმართლეს ვამბობ, თქვენი თეატრი დაიწვა-მეთქი“.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი ჟორას სიტყვების სიმართლეში და ისეთი ისტერიკა დამემართა, რომ იმ საღამოსვე უკან გამომიშვეს – გადაღება ვერ გავაგრძელე.
თბილისში რომ ჩამოვედი და რუსთაველის თეატრს შევხედე, საშინელი ტირილი ამივარდა – ფანჯრებიდან ცა ჩანდა, რადგან ჭერი დამწვარი იყო. თეატრში ტირილ-ტირილით შევედი. მახსოვს ბატონმა სერგო ადამიამ (დირექტორის მოადგილე იყო), მხარზე ხელი გადამხვია და სცენისკენ წამიყვანა, რომელიც საშინლად იყო დანახშირებული.
მაშინ იქიდან ავიღე ნახშირის ნატეხი, რომელიც დღემდე შენახული მაქვს,“ – ეს საიდუმლო ქალბატონმა მედეა ჩახავამ 2003 წელს გაამჟღავნა.
დღვანდელი წერილს ბატონი იპოლიტე ხვიჩიას ერთი მოგონებით დავასრულებთ:
„მახარაძეში გადაღებაზე მივდიოდით. ერთი ფეხმძიმე გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა და მიეფერა. როცა გაიგო, რომ გოგონასთვის ჯიბის ქურდებს 30 მანეთი ამოუცლიათ, ფულიც მისცა. გოგონა საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი-მეთქი.
და მოხდა საოცრება – ჩოხატაურში გამოგვეცხადა ის გოგონა მეუღლითა და პატარა ეროსით. დავულოცე დიდი ეროსის პატარა მოსახელე და ვუთხარი: ეროსის ნიჭიც დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ-მეთქი“.
ავტორი