ნუ დაზოგავთ ფულს ფეხსაცმელზე
ჯორჯო არმანიმ თქვა: “ფეხსაცმელზე ფულის დაზოგვა ცუდი ეკონომიაა. ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის საფუძველია.” დიზაინერი ყველას ურჩევს, რომ ჯობს, ერთი წყვილი კარგი ხარისხის ფეხსაცმელი იყიდონ, ვიდრე რამდენიმე და უხარისხო.
ჯორჯო არმანი ფიქრობს, რომ დახვეწილ სტილს ნეიტრალური, მსუბუქი და ჰარმონიული ჩრდილები ქმნის და ზედმეტად მყვირალა, კაშკაშა ტონები უგემოვნობის ნიშანია.
ცოტა რამ აქსესუარების შესახებ…
არმანის ოქროს წესს ნუ დაივიწყებთ: არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბრენდის სამოსს ირჩევთ. აქსესუარს შეუძლია, ის კიდევ უფრო მიმზიდველი და დასამახსოვრებელი გახადოს. თუმცა, უნდა იგრძნოთ ზომა და ლუქი სამკაულებით არ გადატვირთოთ. რაც მთავარია, ფერები შესაბამისი უნდა იყოს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, აქსესუარს ყოველდღიური გამოყენებისთვის არჩევთ, თუ წვეულებებისთვის. ზედმეტად ბრჭყვიალა, გადატვირთული აქსესუარების ყოველდღიურად გამოყენება უგემოვნობის ნიშანია.
ჯინსის მნიშვნელობა
“ჯინსი ისეთივე მნიშვნელოვანი ნივთია თანამედროვე ადამიანის გარდერობში, როგორც ლურჯი პიჯაკია მამაკაცის გარდერობის განუყოფელი ნაწილი.” – ამბობს არმანი. თუმცა, მნიშვნელოვანია, ის სტილი იპოვოთ, რომელიც თქვენ გიხდებათ და არა მაინცდამაინც ის, რომელიც მოდაშია. ისეთი სამოსის მორგება, რომელიც არ გიხდებათ, უგემოვნობის ნიშანია და წარმოაჩენს, რომ ტენდენციებს გაუაზრებლად მიჰყვებით.
ნუ გადააჭარბებთ!
“დღეს ბუნებრიობაა მოდაში. ყველაზე ელეგანტური ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს საკუთარი გარდერობისთვის არანაირ ძალისხმევას არ ხარჯავენ.” – ამბობს ცნობილი დიზაინერი. ამიტომ, ნუ გადააჭარბებთ.