მუსიკოს-შემსრულებელი ხვიჩა მაღლაკელიძე ბოლო დროს, მისი რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, მეგობრის, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე ჩასვლის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამის გამო, გარდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლანძღვისა, რამდენიმე უახლოესი მეგობრისგან საკმაოდ ცუდი პირადი შეტყობინებაც მიიღო. როგორც თავად ამბობს, მან მეგობრობის ფასი იცის და დაპატიჟებაზე უარი არ უთქვამს. ჩვენ ხვიჩას ბათუმში დავუკავშირდით, სადაც ის ისვენებს და ექსკლუზიურად ამ თემაზე ინტერვიუ ჩავწერეთ.
– თქვი, რთული გზა გავიარეო. იყო ადამიანური დანაკარგებიც? მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს ვგულისხმობ.
– ძალიან ბევრი დანაკარგი იყო. ცხოვრების გზაზე, ალბათ, უნდა დაკარგო, რომ მერე უკეთესი შეიძინო. მერე, ის უკეთესიც დაგეკარგება და სხვა ადამიანი და სხვა ასპარეზი გამოჩნდება. მაგრამ, მე ის ხალხი, რომლებიც დავკარგე, დღემდე მიყვარს, მათი დღევანდელობებით არა, იმ წარსულის გამო. ძალიან ბევრი ადამიანი, თავისით ჩამომცილდა, ჩამომეცალა გზიდან, ზოგმაც კარგი პანღური მკრა, კარგი გაგებით – მიდი, გზა გააგრძელეო. ზოგმა მახეც დამიგო, უხილავი ძაფი გამიბა, რომ ფეხი წამომეკრა და დავცემულიყავი.
– ახლობელი ადამიანების მიერ დაგებული ასეთი უხილავი ძაფების გამო ბევრჯერ წაიქეცი და ადექი?
– 47 წლის ვარ და ბევრი არ იყო, მაგრამ თითოეული ცვლილება ჩემს ცხოვრებაში მასშტაბური იყო და არა მცირე. მაგალითად, ერთმა პატარა წინადადებამ გააკეთა ის, რომ დავკარი ფეხი და წამოვედი თბილისში და დღემდე ასე ვარ. ასე რომ, ჩემი ცხოვრება თავგადასავლებით, სისულელეებით, სიხარულებითა და ტკივილებით იყო სავსე. შურიანი ადამიანებიც იყვნენ ჩემ გვერდით, მაგრამ ეს გვიან გავიგე, ისევ და ისევ ჩემი ლმობიერი და დამყოლი ხასიათიდან გამომდინარე, არ ვხედავდი, მიმტევებელი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. ვიცი, რომ თვალსა და ხელს შუა მატყუებს ადამიანი, მაგრამ მინდა, მოვუსმინო და ვაპატიო.
– ვინც გიცნობს, ყველამ იცის, როგორი მეგობრობა იცი – ხშირად მეგობრის გამო საკუთარი საქმე მიგიტოვებია და გვერდით დადგომიხარ, არიან მეგობრები, ვინც შენც დაგდგომიან გვერდით და დაგხმარებიან. ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აგრესია მოჰყვა იმ ამბავს, რომ მეგობარმა ბადრი კოღუაშვილმა შვილის დაბადების დღეზე დაგპატიჟა და მოსკოვში წახვედი. ამაზე რას მეტყვი?
– გეტყვით იმას, რომ იყო დრო, ამ ადამიანმა და მისმა გარემოცვამ ძალიან შემიწყო ხელი, რომ დღემდე ვარ ის, ვინც ვარ. ვიცი, რისი მოსმენა უნდა ახლა საზოგადოებას ჩემგან და გეტყვით: რომ მე მაქვს მორალური ვალდებულება ბევრი ადამიანის მიმართ, ვინც მე ადამიანად მაქცია, მაქცია მუსიკოსად, მსახიობად, შოუმენად თუ რაც გინდა, დამარქვით და ვარ დღეს ის, ვინც ვარ… და მათ შორის არის ის ადამიანი, ვისთანაც შვილის დაბადების დღეზე მოსკოვში ვიყავი ჩასული. დიახ, ვიყავი რუსეთში, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია და პუტინ „ხუილო“! მე, პუტინისა და პოლიტიკის გამო იქ არ ჩავსულვარ. ეს ერთი, მეორე – ამ ადამიანმა კი არა, ნებისმიერმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა, სადაც არ უნდა დამიძახოს, თვალდახუჭული წავალ და თვალდახუჭული გავაკეთებ, რომ ის იყოს კომფორტში, უხერხულად არ იგრძნოს თავი. იმ სუფრასთან უნებლიეთ ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს თავი, რომ ის ადამიანი აუცილებლად იქნებოდა დისკომფორტში. ხომ იცით, როგორც ხდება – იმის მეგობარი, იმის ნაცნობი, მეგობრის მეგობარი… ეს ქართველები არ ვართ ბევრი. ამხელა რეზონანსი გამოიწვია ერთმა პატარა ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო. მე ჩემთან სტუდიაში, კაბინეტში მიკიდია აფიშა, სანკტ-პეტერბურგში რომ მქონდა სოლო კონცერტი 2018 წელს. მილიონი ჟურნალისტია ჩემთან ნამყოფი და არავის გასჩენია კითხვა და წარბაწეულს არ უკითხავს: ეუჰ, რა გინდოდა შენ მანდო. მე დავდივარ ყველგან.
– ხმა გავრცელდა, თითქოს ფული გადაგიხადა და მოსკოვში ამიტომ ჩახვედი. ეს სიმართლეა?
– მე ამ ადამიანმა, თავის დროზე, იმდენი გადამიხადა თავისი ადამიანობით და ჩემთვის ისეთი პატივი აქვს ნაცემი, მე თვითონ ავიღე ბილეთი, თავად „დავბრონე“ სასტუმრო, ჩემი ხარჯით წავედი და წამოვედი. რომ ამბობენ, ხვიჩამ სუფრასთან დაუკრა და იმღერაო, ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ არ დავუკრა და არ ვიმღერო. ხვიჩა რომ სუფრასთან ზის და არ დაუკრავს, ესე იგი, მკვდარია, გარდაიცვალა.
– ალბათ, ნახე ის კომენტარები და გამოხმაურება, რაც იმ ვიდეოს მოჰყვა. ყველაზე მეტად რამ გატკინა გული?
– ყველაზე მეტად მატკინა გული ორი ახლობელი, მეგობარი ადამიანის მონაწერმა პირადში. ძალიან გაბრაზებულმა მომწერეს ცუდი რაღაცები და დამბლოკეს. იმდენად არის ხალხი პოლიტიზებული და ამ დროს გარტყმაში არ არიან, არც კი იციან, რას წერენ.
– ანუ, ამ ვიზიტის გამო მეგობრები დაკარგე?
– ასე გამოვიდა. ყველამ იცის, სად და როდის დავდივარ, უბრალოდ, ამ ფაქტს სხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა.
– საზოგადოებისგან ასეთ რეაქციებს არ ელოდი?
– დამიჯერეთ, აბსოლუტურად არ ველოდი ასეთ რეაქციებს. კიდევ ვამბობ, ხშირად მაქვს ასეთი ვიზიტები, არა რუსთან, არა პუტინთან არამედ ჩემს ქართველებთან. სავარაუდოდ, სოსოს ფაქტორმა გამოიწვია ეს აგრესია, „სამშობლოს“ რომ მღეროდა. არადა, მე იმ დროს, გატიალებული მთვრალი, დინამიკთან ვიჯექი და ვქეიფობდი. დილიდან დავიწყე სულ სხვა „სასტავში“ ქეიფი და რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე (იცინის). ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა მოსკოვში, ავიღე ყურმილი და ისეთი გვარები ჩამომითვალა, ვუთხარი: ვაიმე, მართლა არ მახსოვს და თუ შენ მეუბნები, დაგიჯერებ-მეთქი.
– ვიდეოკადრებში, კარგად ჩანს, ვინც იმ სუფრაზე იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეოს შენც ნახავდი.
– რახან კადრში მოვხვდი, მოვყევი ამ ქარიშხალში. რომ დაინახავ, იმ წრეში არასასურველი ადამიანები არიან შენთვისაც და შენი მოქალაქებისთვის, ერისთვის, ვერ გააპროტესტებ, ვერ ადგები, თქვენი დედაც ვატირეო და ვერ წახვალ დემონსტრაციულად. ეს იქნება მასპინძლის შეურაცხყოფა.
– თავად მასპინძელი თუ დაგიკავშირდა ამ ამბების მერე?
– როგორ არა. ძალიან ინერვიულა. დამიჯერეთ, გადასარევი ადამიანია. მე არავის სოციალურ სტატუსებს არ ვაკვირდები, მთავარია, იყოს ადამიანი. დახურული იყო რესტორანი, ბავშვის დაბადების დღე იყო, მამამ გაუკეთა სიურპრიზი და მთელი სამეგობრო დაგვპატიჟა. რომ დარეკა, მითხრა: თუ ჩამოხვალო. გადავდე დაგეგმილი კომერციული საქმეები და ჩავირბინე სამი დღით. ისეთი კომენტარები იწერება, ავტორს გააზრებულიც რომ არ აქვს, რას წერს. უბრალოდ, გინებას იწყებენ, არგუმენტის გარეშე და გაგინებენ დედას. თავიდან, რომ წავიკითხე, გავბრაზდი, მერე კი „დავიკიდე“. გინებაზე რა უნდა უპასუხო? თავიდან, რომ გავბრაზდი, ერთი-ორს მივწერე პირადში და მერე დავანებე თავი.
“თბილისელები”