ბახმაროში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებაში აჟიოტაჟის საგანი გახდა. რადგან ბევრმა, მათ შორის დაბა ბახმაროში მყოფმა ადამიანმა, ვერ იგრძნო მიწისძვრის ბიძგები, ხოლო ოფიციალური ინფორმაცია აღარც სეისმური მონიტორინგის გვერდზე იძებნება. მიწისძვრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჩვენს საიტზე გავრცელებამდე ვერც ” გურია ნიუსმა” იპოვა, რის გამოც ინფორმაციის გამოქვეყნებამდე სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს დავუკავშირდით.
ქალბატონმა თეამ დაადასტურა, რომ მიწისძვრა დაბა ბახმაროში ნამდვილად მოხდა, თუმცა იმდენად სუსტი იყო, რომ არ იგრძნობოდა. მსგავსი მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია კი ცენტრის გვერდიდან მალევე იშლება.
“დიახ, მიწისძვრა მოხდა, თუმცა იმდენად სუსტი და პატარა მაგნიტუდის იყო, რომ არც მიწისძვრის ეპიცენტრში არ იგრძნობოდა. მსგავსი შემთხვევა ხშირია. მაგალითად, ბათუმში, გასულ თვეს 2 ასეთი მიწისძვრა მოხდა. ჯავახეთში კი 12000. ეს არის ფონური პროცესი. ჩვენი საიტი არის სწრაფი რეაგირების სისტემა, ამიტომ ავტომატურად გადადის და შემდეგ სწორდება მაგნიტუდა. როდესაც მეტი სეისმური სადგურიდან შემოდის ინფორმაცია, ოპერატორი ასწორებს. ჩვენ ვაქვეყნენთ მაგნიტუდა 3-ზე მეტს და რეაგირებაა მაგნიტუდა 2.5 -ზე მეტზე, თუ ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტშია”,- გვითხრა გოდოლაძემ.