ზაფხული დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. ბევრი ადამიანი დასასვენებლად ზღვაზე წასვლას ირჩევს, ზღვის წყლის სასარგებლო თვისებების გამო, მაგრამ ზღვაზე დასვენება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს და მოქალაქეების მხრიდან უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროების დროს, მაშველები იბრძვიან.
წელს, საზღვაო სეზონი ოფიციალურად 3 ივნისს გაიხსნა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა რამდენი ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა 3 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელზეც პასუხი 25 ივლისს მივიღეთ.
როგორც ირკვევა, ერთ თვეში მაშველებმა 30 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, ერთი შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 2023 წლის 3 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში ზღვის სანაპიროზე მაშველების მიერ გადარჩენილი მოქალაქეების რაოდენა შეადგენს: აჭარაში – 15 (თხუთმეტი), გურიაში – 15 (თხუთმეტი). ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ფატალურად დასრულდა 1 (ერთი) შემთხვევა”,_ ნათქვამია წერილში, რომელიც “გურია ნიუსმა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიიღო.
თუმცა, ზღვაში ადამიანების დახრჩობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგაც გავრცელდა, რაც ჩვენ ეს სტატისტიკური მონაცემები გამოვითხოვეთ.
25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სარფში, შავ ზღვაში შესულმა 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა, წყლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. ის უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფატალურად დასრულდა თვის დასაწყისში უცნობი პირის მიერ მოზარდების ზღვაში, სამაშველო ჟილეტების გარეშე გასასეირნებლად გაყვანაც. შეგახსენებთ, რომ მან ისინი ნაპირიდან დაახლოებით 140 მეტრის დაშორებით გაიყვანა. რამდენიმე მოზარდი მაშველებმა გამოიყვანეს, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ კი გარდაცვლილი მოზარდი ნაპირიდან 2 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. როგორც ცნობილია, მან ცურვა არ იცოდა. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
რეკომენდაციები, კი რომელიც ზღვაზე დასვენების დროს უნდა დაიცვათ, ასეთია:
_ არ დატოვოთ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ.
_ არ ჩახვიდეთ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე.
_არ გასცდეთ უსაფრთხოების ტივტივებს.
_ მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩახვიდეთ წყალში. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.
ავტორი