აბიტურიენტმა, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, დამტებით გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრეს, “გამოცდების ეროვნულ ცენტრს” (NAEC) შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ავრცელებს. აბიტურიენტის ინტერესებს, სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იცავს.
“სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე.
– სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
– უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო სისტემას და კონატიტუციურ უფლებებს, ვერ გავაუქმებინებთ.
შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.
ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა”, – წერს ანა არგანაშვილი.
ცნობისთვის, 27 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნული გამოცდების დამატებით დანიშვნას მოითხოვდა. მისი თქმით, დანიშნულ დღეს ის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა.
2 აგვისტოს ანა არგანაშვილმა განაცხადა, რომ NAEC სასამართლო განჩინების აღსრულებაზე უარს ამბობს. აბიტურიენტის დედამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა NAEC-მა, რომელიც აღნიშნავდა, რომ უწყებამ სასამართლო განჩინება გაასაჩივრა, რადგან “შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია”.