გეოლოგები და ჰიდროლოგები მესამე დღეა სტიქიის ზონაში რჩებიან. კატასტროფის ადგილზე მომუშავე სპეციალისტები, მეწყრული პროცესების გააქტიურების ზუსტ მიზეზებს ადგენენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ვითარების შესწავლის მიზნით, რამდენჯერმე დაათვალიერეს ტერიტორია, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგიც. უწყებაში განმარტავენ, რომ მყინვარების – ბუბასა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ, ასევე თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი. შედეგად, კურორტ შოვში აქტიური ეროზიული პროცესები განვითარდა. გეოლოგები ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა მდინარის ნაპირების გარეცხვასა და მეწყრული პროცესების გააქტიურებას, რაც საბოლოოდ ღვარცოფში გადაიზარდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ მდინარე ბუბისწყალის ტერიტორიზე, მასშტაბური ღვარცოფის გავლას, ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია. გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის კატასტროფის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, რადგან სტიქიის დროს 5 ბუნებრივი პროცესის თანხვედრა მოხდა, რამაც უმძიმესი შედეგები გამოიწვია.
გეოლოგიის დეპარტამენტი ყოველწლიურად ამზადევს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა და პროგნოზი შემდგომი წლისთვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდინარე დღვიორაზე, რომელიც არის მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა. ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული. სწორედ ამ ადგილას ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდინარე ბუბისწყალზე. გეოლოგები მსგავსი მასშტაბის მოვლენის განმეორების საფრთხეს ვეღარ ხედავენ. დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ბუნებრივი კატასტროფა ყველასთვის მოულოდენელი იყო.
ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო დასკვნებს ყოველწლიურად ამზადებს.
“რუსთავი2”