“უმძიმესია მდგომარეობა, რომელიც გვაქვს შოვში. მდგომარეობა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ ამ მოვლენების მიმართ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. გვყავს გარდაცვლილები, რომელთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირებაც კი ჭირს. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველას თანავუგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას.
მისი თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა.
„ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. ხელისუფლებას უწევს იბრძოლოს იმ კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ ნაცმოძრაობის ტელევიზიებში გვაქვს.
ყოველ დღე, დღეში 3-4-ჯერ სხვადასხვა ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა -სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია სხვანაირი შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ. ხელისუფლებას ხან კოტეჯებზე ნებართვების გაცემას აბრალებენ, რომელიც კომუნისტების დროიდან იქ დგას რამდენიმე ათეული წელიწადია და ჩვენზე უფროსებიც კი ამბობენ, რომ ბავშვობაში ამ კოტეჯებში ისვენებდნენ. ხან ვერტმფრენებზეა საუბარი, რომლის საჭიროება რაც იყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილი იყო და არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმწომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ მოხდა წყლის დაგუბება, ვინაიდან მონიტორინგის შესაბამის სისტემას არც ეს ფაქტი დაუფიქსირებია.
„ჩვენ ისეთ დეტალებში გავერკვიეთ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაშიც ბუნებრივია, მე პირადად მანამდე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ჩვენთვის რომ სიახლეა, ისეთ დეტალებში ჩავედით. მაგალითად, ქვეყანაში 200-მდე სადგური არსებობს წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღის განმავლობაში, წყლის დონის ვერანაირი მატება ან კლება.
დეზინფორმაციაა ისიც, რომ იქ დაგუბება იყო. ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა – არც ერთი და არც მეორე, შესაბამისი მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია. უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს კამპანიური ხასიათი. ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, არ უნდა გვჭირდებოდეს პარალელურ რეჟიმში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.