თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია “კურიერთან” საუბარში აცხადებს, რომ ძალიან სამწუხაროა, ამ მძიმე ვითარებაში უპასუხისმგებლო სუბიექტების მიერ დიდი მონდომებით დეზინფორმაციის გავრცელება.
“რაც შეეხება სამი ახალი ვერტმფრენის შესყიდვის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს უარი ითქვა დაპირებული ვერტმფრენების შესყიდვაზე – ეს არის სრული დეზინფორმაცია და სიცრუე. შსს-მ ფრანგულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში 3 ვერტმფრენის შესყიდვის შესახებ. ეს ვერტმფრენები მზადდება. ეს არ არის მანქანა, რომ ავტოსალონში შეხვიდე, იყიდო, კონტეინერში ჩატვირთო და 1 თვეში გყავდეს დანიშნულების ადგილზე. ამას სჭირდება თავისი დრო. ვერტმფრენების მოწოდების ვადა განსაზღვრულია. პირველი ვერტმფრენის მოწოდების ვადა კონტრაქტის დადების დღიდან 17 თვეა, დანარჩენი 2 ვერტმფრენის არის 20 თვე. შესაბამისად, რაიმე სახის აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არის სპეკულაცია, მაგრამ რაც მთავარია უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვერტმფრენების ყოლა-არყოლას რეაგირების ეფექტიანობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. შსს-ს ჰყავს ვერტმფრენები საკმარისად რაოდენობრივად, რომლებიც არის აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც არის საჭირო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.