დაღესტანში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავეუბულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება რეგიონის დედაქალაქ მახაჩკალაში მოხდა, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 260 თანამშრომელი, ისევე როგორც თვითმფრინავი, მძიმე დაშავებულების მოსკოვში გადასაყვანად.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ექიმებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
მან დასძინა, რომ ხანძარი გავრცელდა 600 კვ.მ ფართობზე და რომ არსებობს შემდგომი აფეთქების საშიშროება.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა, როგორც რუსული გაზეთი იზვესტია ციტირებს, ამბობს, რომ ხანძარი ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირედ მდებარე ავტომანქანაზე გაჩნდა.
“აფეთქების შემდეგ ყველაფერი თავზე დაგვეცა, ვეღარაფერი ვნახეთ”, – ამბობს თვითმხილველი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თქვა, რომ ხანძარი მანქანის ტექნიკური სამუშაოების დროს გაჩნდა და მას “აფეთქება მოჰყვა”.
მომხდარის გამომწვევი გარემოებების დასადგენად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, _ აცხადებენ კომიტეტში.
დაღესტნის რესპუბლიკა არის რუსეთის ფედერაციის 83 შემადგენელი ნაწილიდან ერთ-ერთი და ქვეყნის ყველაზე სამხრეთ ნაწილია. მახაჩკალა მოსკოვიდან დაახლოებით 1600 კმ-ში (1000 მილი) მდებარეობს.