საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია შემოწმებულია, ხვალიდან კი მდინარის კალაპოტში მძიმე ტექინის შეყვანას გეგმავენ.
„სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო. რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ, უკვე ნიადაგი მყარია და ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს”,_ განაცხადა მღებრიშვილმა.
მაშველებმა სტიქიის ზონაში, 3 აგვისტოდან დღემდე, 26 ცხედარი და ადამიანის ორი ფრაგმენტი იპოვეს. მიმდინარეობს 7 დაკარგული ადამიანის ძებნა.