გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორი გიორგი შათირიშვილი კომენტარს აკეთებს, გუშინ გურჯაანში უმძიმესი ავარიის დროს გადარჩენილი ბავშვის შესახებ.
გიორგი შათირიშვილის თქმით, ბავშვი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს.
ექიმისვე თქმით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„ბავშვი კლინიკაში შემოიყვანეს მრავლობითი მოტეხილობებით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თუმცა, წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ”, _ ამბობს შათირიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში. შემთხვევა წუხელ, სოფელ ახაშნის ტრასაზე მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, ვერც ერთის გადარჩენა მოხერხდა.
გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.