მექსიკაში აბორტის დეკრიმინალიზაცია მოხდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის სასჯელი ორსულობის შეწყვეტისთვის იყო არაკონსტიტუციური.
ახალი გადაწყვეტილება აბორტს 32-ვე შტატში დაკანონებს.
უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობის უარყოფა არღვევს ქალთა ადამიანის უფლებებს.
„გაუპატიურების შემთხვევაში არცერთ გოგონას არ შეიძლება აიძულონ დედა გახდეს – არც სახელმწიფომ, არც მისმა მშობლებმა და არც მისმა მეურვეებმა“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა, არტურო ზალდივარმა.
„აქ მისი უფლებების დარღვევა უფრო სერიოზულია, არა მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის გამო, არამედ ასაკის გამო, რაც აუცილებელს ხდის საკითხის გაანალიზებას არასრულწლოვანთა ინტერესების კუთხით.
გადაწყვეტილებას ქალთა უფლებამდაცველი ჯგუფები მიესალმნენ, თუმცა ახალი გადაწყვეტილება სავარაუდოდ აღაშფოთებს მექსიკის უფრო კონსერვატიულ პოლიტიკოსებს და კათოლიკურ ეკლესიას, ქვეყანაში, რომელიც არის ლათინური ამერიკის სიდიდით მეორე კათოლიკური ერი.
თუმცა, ეკლესიის გავლენა ბოლო წლებში მცირდება და ქვეყნის მთავრობა თავს მტკიცედ სეკულარულად მიიჩნევს.
ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა ტენდენცია აბორტის შეზღუდვების შესუსტებისკენ, რომელსაც “მწვანე ტალღას” უწოდებენ.
არჩევითი აბორტი ლეგალურია კოლუმბიაში, კუბაში, ურუგვაისა და არგენტინაში.
ზოგიერთი ქვეყანა ნებას რთავს აბორტებს ისეთ გარემოებებში, როგორიცაა გაუპატიურება ან ჯანმრთელობის რისკი, მაშინ როცა პირდაპირი აკრძალვები მოქმედებს ელ სალვადორში, ჰონდურასში, ნიკარაგუაში, ჰაიტიში და დომინიკის რესპუბლიკაში.