ჩოხატაურში 1-13 წლამდე ასაკის ბავშვთა კონტიგენტს სისხლში ტყვიის შემცვლელობაზე იკვლევენ.
დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა ზოტში, ზემო სურებსა და ხევში მცხოვრებ 130 ბავშვს.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, კვლევა ეტაპობრივად გაგრძელდება და მოიცავს მთელი მუნიციპალიტეტის შესაბამის ასაკობრივ კონტიგენტს.
აღნიშნული კვლევების შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა.
როგორც ნატო ჯიბუტი ამბობს, მომდევნო კვლევა შემდეგ შაბათს გახორციელდება და შერჩეული სოფლების მაცხოვრებლებს კვლევის ჩატარების შესახებ წინასწარ გააფრთხილებენ.
კითხვაზე კი თუ რას იწვევს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა და რა სიმპტომები აქვს, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვპასუხობს:
_ სიმპტომების შესახებ ჩვენ მანამდე ჩავატარეთ ლექცია-საუბრები მოსახლეობასთან. ავუხსენით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას. ეს არის მაგალითად, ნერვოლოგური დარღვევები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები, გონებრივი განვითარების შეფერხება, ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფერხება.
რაც შეეხება უკვე ჩატარებული კვლევების პასუხს, ჯიბუტის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ტყვიის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვებს მკურნალობა ჩაუტარდებათ სრულად სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
ავტორი