ქართველი მსახიობები ყოველთვის შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელ მოგონებებს მსახიობი ნინო ჩხეიძე გახსნის. ერთხელ ქალბატონი ნინო ფრიად ორიგინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავს
„მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა კიტა ბუაჩიძის არაჩვეულებრივი პიესა „ეზოში ავი ძაღლია“. პრემიერაც და რიგითი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდიოდა. მშვენიერი მსახიობები თამაშობდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე. სოფიკო ხომ ბრწყინვალე იყო, მისი ცეკვის შემდეგ ტაში დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზში. ამ სპექტაკლში მე და ჩემი შვილიც ვმონაწილეობდით. ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, სამი წლის. ბავშვის მიმხედი არავინ გვყავდა და ამიტომ თეატრში მომყავდა ხოლმე. როცა სცენაზე გავდიოდი, დავსვამდი კულისებში სკამზე და ჩავაბარებდი სცენის მუშებს – თქვენი ჭირიმე, მიმიხედეთ, სცენაზე არ გამოვარდეს-მეთქი. დარბაზი ხომ სავსე იყო მაყურებლით და კულისებშიც უამრავი ხალხი იდგა. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, სცენის მუშები სიცილით იხოცებოდნენ სპექტაკლის მსვლელობისას.
მე ვთამაშობდი ცაცანას, სპეკულიანტს, შინაბერას. ჩემი პარტნიორი იყო გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლში გივის ვეხვეწები, ცოლად შემირთე-მეთქი. ის კი მეკითხება, რამდენი წლის ხარო და მეც ისე ვპასუხობდი, ვერ გაიგებდით, ოცდათექვსმეტის ვიყავი თუ ორმოცდათექვსმეტის. სცენაზე შემოდიოდა სოფიკო – ქურთის გოგო, შენ კი არა, მე უნდა შემირთოსო და იწყებოდა ჩვენი პაექრობა. მე ვეჭვიანობდი და იკვრებოდა არაჩვეულებრივი ტრიო: სოფიკო, გივი და მე.
ერთხელაც, მიმდინარეობს სპექტაკლი, მე ვეხვეწები გივის, შემირთე-მეთქი და ველოდები სოფიკოს გამოსვლას, ის კი არ ჩანს. რა ვქნათ, აღარ ვიცით მე და გივიმ.
ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, კულისებში ზის, ჩაბარებული მყავს რამდენიმე მეთვალყურისთვის. ისიც ცნობისმოყვარეობისგან აღარ არის. იმას კი ხედავს, კულისებში რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, დარბაზში ხალხი რატომ იცინის და უნდა მათი დანახვა. წამოიწევა სკამიდან, წაიგრძელებს კისერს და ის არის უნდა გამოიხედოს პარტერში, რომ მე ამის შემხედვარე ვიწყებ ყვირილს: ვაი, ვაი, ვაი. გავრბივარ სცენიდან, გამომეკიდება გივი – სად მიდიხარ, ცაცან-ჯან. მივალ ბავშვთან, დავსვამ ისევ თავის ადგილას და ვაგრძელებთ სცენას.
მიმდინარეობს სპექტაკლი. სოფიკოს გამოსვლის დროა, ის კი არ ჩანს. თურმე ვერიკო ცუდად გამხდარა და სახლში გაქცეულა. ჩვენ კი სიტყვებს წინ და უკან ვატრიალებთ, სად არის, რატომ არ მოდის? ჩემს შვილიშვილს ჰგონებია, მე მეძებენო. გამოტუსტუსდა სცენაზე და მეუბნება: აქა ვარ, ბებოო!
ეს რომ გივიმ დაინახა, თვალები დამიქაჩა და იყვირა – რაო, შენ ბებია ხარ და თავს გასათხოვრად ასაღებ, ამხელა შვილიშვილი გყოლია, მატყუებ, გინდა შეგირთო და ცოლად მოგიყვანოო? ათი წუთი მე და გივის ისეთი დიალოგები გვქონდა, რაც საერთოდ არ ეწერა პიესაში. ამაზე რაღა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ხმა ვერ ამოვიღე.
გივიმ კი „იმარჯვა“. ხელში აიყვანა ბავშვი და სამივე სიმღერ-სიმღერ გავედით სცენიდან. მაყურებელმა ვერ გაიგო ჩვენი „ხულიგნობის“ ამბავი. იფიქრა, ალბათ ასე იყო სათამაშო სცენა და ამგვარად დავამთავრეთ. იმ დღეს ხალხმა ვერ ნახა სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივი ცეკვა, მაგრამ მაყურებელი მაინც მხიარული გავისტუმრეთ, ისეთი ეფექტური იყო ამ პატარა გოგოს გამობაჩუნება სცენაზე.“
პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხსირად იგონებს:
„ალბათ, ყველას გახსოვთ ის დრო, ჩაბნელებულ საქართველოში სერიალის ყურება რომ მოიაზრებოდა ერთადერთ ნათელ წერტილად. „ველური გულის“ ერთგულ მაყურებელთა ზოგი ოჯახი დაინგრა, ზოგიც დანგრევის პირას მივიდა. კაცებს მონიკა და ჰაიმე უყვარდებოდათ, ქალებს კი თმაკულულა ხუანი. მახსოვს, ერთხელ მეზობლის ქალმა ეზოში ტელევიზორის ხმა გაიგო, არიქა ფილმი იწყებაო და სიჩქარისგან კიბეებზე სხვისი ბავშვი ამოარბენინა, სერიალის დამთავრების შემდეგ კი საკუთარში გაცვალა.
ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ძმაკაცმა „დვიჟოკი“ იყიდა და ყველა ნაცნობმა მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ისარგებლა. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე „სასტავის“ რია-რიამ კაცს საკუთარი სახლი საკონცენტრაციო ბანაკად მოაჩვენა. ამ ამბავს ამძიმებდა ის გარემოება, რომ სერიალის დაწყებისა და ჩემი ძმაკაცის სახლში დაბრუნების საათი ერთმანეთს ემთხვეოდა. გული მომიკლა მისმა გაჭირვებამ. შენ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, დავამშვიდე სერიალის კლუბის „მფლობელი“.
ეს პიროვნება მამა ბასილის მრევლი გახლდათ და „ამ საქმეში“ მოძღვარი ჩავრიე. მივედი და მოვუყევი, იეჰოვას მოწმეებმა როგორ გადაიბირეს მისი დედა და ცოლ-შვილი, რომ შაბათ-კვირის გარდა, მათ სახლში უკვდავ-უბერებლები იკრიბებიან და ახლად დაქვრივებულებსაც აბამენ მახეში. ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე მრავლდება-მეთქი – ვუთხარი მამა ბასილს. ჰოდა, მეორე დღესვე დათქმულ საათზე მივიდა ჩემი ძმაკაცის სახლში ჯვრითა და კომბლით. ზარის ხმაზე დაასკვნეს ქალებმა, ნუნუ იქნებაო, მეზობლის ქალი. გააღეს კარი და რისხვით ანთებული მღვდელი შერჩათ ხელში, რომელიც დაერია „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“-თი. „ქალთა კლუბი“ რამდენიმე წამში დაიშალა და იმ დღის შემდეგ აღარასოდეს შეკრებილა. ოჯახმა კი სამუდამოდ დაისვენა.“
დღევანდელ მოგონებებს ბატონი გოგი ქავთარაძის ერთი „ისტორია“ დაასრულებს.
„ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სტუმრად გვყავდა რუსი მსახიობი იური იაკოვლევი, რომელსაც სწორედ ჩვენთან შეუსრულდა 50 წელი. თეატრში რაღაც ღონისძიება იყო. მე დავრჩი. იაკოვლევი, რამდენიმე მსახიობთან ერთად, რესტორან „გელათში“ გავისტუმრე.
ცხადია, გაიშალა დიდებული სუფრა, ბრწყინვალედ მღერის ქუთაისის დასი. ჰოდა, ამღერდნენ მსახიობები და აჰყვნენ ნაირნაირი კერძებით ხელდამშვენებული ოფიციანტები. რა სასწაულად მღერით, ეს ყველაფერი დადგმულიაო? – გაგიჟდა თურმე სტუმარი.
თეატრში როგორც კი დასრულდა ღონისძიება, რამდენიმე მსახიობთან ერთად, ფაფახებით, ნაბადებითა და სპორტული იარაღით აღჭურვილებმა ალყა შემოვარტყით რესტორანს და იაკოვლევი გამოვიძახეთ. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე „ტყვიები“ დავახალეთ. იდგა დაბნეული, შიშით დაზაფრულს ვერ გაეგო, რას ვერჩოდით. ბოლოს, ფანჯარაში გადმომდგარს, ფიალებზე ანთებული სანთლებით მივულოცეთ დაბადების დღე…“.
ავტორი