შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შეტყობინების პირველივე წუთებიდან მომხდარ რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოვისმინეთ.
„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ, ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ.
მოგეხსენებათ, რომ 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.
დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.
სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.