ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე, მარჯვენა ნაპირთან, ექადიის უბნისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯის ნაწილი ჩაიქცა. უფრო ზუსტად, ეს არის გზისა და ხიდის შესაყარი კიდე, რაც ადრეულ წლებშიც იყო დაზიანებული. მოხდა მისი რეაბილიტაცია, თუმცა, ახლა, სტიქიის დროს, ისევ იმავე ადგილზე მოხდა ჩაქცევა.
ხიდი კომუნისტურ ეპოქაშია აგებული და ის, ძირითადად, ქალაქის სასაფლაოსთან დამაკავშირებლად მოიაზრება. მარცხენა მხარეს, ექადიის მოსახლების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს. ამ მომენტისთვის ხიდზე გადასვლა აკრძალულია.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ ხალხში დაბნეულობა გამოიწვია ამ შემთხვევამ. ბევრს ეს ხიდი ეგონა ოზურგეთი-ბათუმის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, ბჟუჟზე მდებარე ხიდი, რაც არასწორია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ექადიის უბნის ქალაქის ცენტრალურ სივრცესთან დამაკავშირებელი საცალფეხო, თანამედროვე ხიდი, იქვე, ახლოს, მწყობრშია და შესაძლებელია უპრობლემოდ გადაადგილება.
„ხიდი დაზიანების შემდეგ მალევე გადაიკეტა. ექადია – ქალაქ ოზურგეთის დამაკავშირებელ ხიდზე პირველადი შეფასება გაკეთდა, რის შემდეგაც დაიწყება ხიდის პროექტირება და გამოცხადება ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს ხიდის რეაბილიტაციას“ _განაცხადეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
დღეს, ჩვენი იქ ყოფნისას, საპატრულო პოლიცია კვლავ ათვალიერებდა გარემოს. ხიდზე მხოლოდ ერთმა ბოჩოლამ გაბედა გადმოსვლა.
ავტორი