ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი რუსეთში გაზაფხულზე ჩასატარებელი არჩევნების გადადებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ tass ავრცელებს.
„მე ვთავაზობ, რომ სანამ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს უკრაინაში, ჩვენ ერთხმად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი გვეყოლება: ვლადიმერ პუტინი ან გადავდოთ არჩევნების ჩატარება – იმიტომ, რომ სხვა არავინ გვყავს, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას დაიცავს“,_ განაცხადა კადიროვმა.
კადიროვმა არ განმარტა, ვისგან იცავს პუტინი ქვეყანას. რუსეთი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ამას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.