ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიულ წიგნს, სახელწოდებით „ქალი ჩემში“, მომღერლის ფანები განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან მასში სპირსი მეურვეობის გახმაურებულ საქმესაც შეეხება.
“ჩემი წიგნი 24 ოქტომბერს გამოვა”, — ამბობდა პოპვარსკვლავი გავრცელებულ ვიდეოში, — “ამ წიგნზე ბევრი ვიმუშავე, მის დასასრულებლად კი ფსიქოლოგთან არაერთი სეანსიც დამჭირდა. ასე რომ, იმედია, მოგეწონებათ. თუმცა, თუ არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა“.
მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი სასამართლომ მამის 13-წლიანი მეურვეობისგან გაათავისუფლა, ბრიტნის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად რამდენიმე გამომცემლობა იბრძოდა. საბოლოოდ, ეს უფლება „Simon & Schuster“-ის შვილობილმა კომპანია „Gallery Books“-მა მოიპოვა.
“ბრიტნის ჩვენებებმა სასამართლოზე მსოფლიო შეძრა, კანონები შეცვალა, მისი შთამაგონებელი სიძლიერე და შეუპოვრობა გამოაჩინა”, _ ამბობს „Gallery Books“-ის წარმომადგენელი, _ “ეჭვი არ მეპარება, რომ მის ავტობიოგრაფიულ წიგნსაც მსგავსი ეფექტი ექნება. ვამაყობთ, რომ ბრიტნის საკუთარი ისტორიის მოყოლაში ვეხმარებით”.
საკუთარი ისტორიის მოყოლა კი სპირსს ნამდვილად უნდოდა. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ მხოლოდ ის სურდა, “თავისი ცხოვრება დაებრუნებინა” და მსოფლიოსთვის გულწრფელად მოეყოლა ყველაფერი.
„Gallery Books“-ის გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ სპირსის ავტობიოგრაფია “გაბედული და გასაოცრად ამაღელვებელი ამბავია თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედობაზე, გადარჩენაზე, რწმენასა და იმედზე”.
ბრიტნი სპირსის „ქალი ჩემში“ დღეს, 24 ოქტომბერს გამოიცემა.
ავტორი