ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა. საკითხი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.
საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ენიჭება ახალი უფლებამოსილება, კერძოდ, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების უფლება ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული სუბიექტების მიმართ, მათი შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
კანონპროექტი ადგენს ფინანსური კონგლომერატის დეფინიციას, ამასთან გაწერილია რამდენიმე ტერმინი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დირექტივის მსგავსად არ არის მოწესრიგებული, მათ შორის, ყალიბდება კოორდინატორის დეფინიცია, მისი არჩევის პროცედურები და უფლებამოსილებები.