დღეს, რამდენიმე საათში, ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილზე გამავალი მაგისტრალური, 4 ზოლიანი გზის 27 კილომეტრი. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, რომელიც იმსახურებს აღნიშვნა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ხევი-შორაპნის 27 კმ-იანი მონაკვეთი რელიეფურად ყველაზე რთული მონაკვეთია, რაზეც ხელოვნური ნაგებობების-გვირაბებისა და ხიდების რაოდენობა მეტყველებს. ახალი მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთლიანი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ 27-კმ-იან მონაკვეთზე, კერძოდ უბისაში, არის საქართველოში ყველაზე გრძელი – 1362 მეტრის ხიდი. ამ ხიდის აშენებამდე ყველაზე გრძელი ხიდი ქვეყანაში ქობულეთის შემოვლით გზაზე იყო, რომლის სიგრძე 1100 მეტრია. აღსანიშნავია ახალ მონაკვეთზე აშენებული გვირაბებიდან ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძეც, რომელიც 1640 მეტრია.
,,რაც შეეხება სარგებელს, რომელიც მანძილს და დროს უკავშირდება, აქაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. სწორედ ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის საგზაო მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ახალი მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლას, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში შეძლებთ“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსენებებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზის აღნიშნული მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა.