USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი” ახალი სკოლის მოდელის რეფორმის განხორციელებას აკვირდება და აფასებს.
6 სექტემბერს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ბიულეტენი, სადაც გაანალიზებულია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები.
ანალიზი ეყრდნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას.
ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისთვის – აბიტურიენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდებში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ძირითადი შედეგები ასეთია:
მათემატიკის გამოცდაზე გავიდა აბიტურიენტების 38%. მათგან 15.75%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ხოლო 48%-მა დაბალი, ან დაბალს ქვევით შედეგი მიიღო.
ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების მხოლოდ 1.5% გავიდა (601 აბიტურიენტი). მათგან 31%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო 46%-მა დაბალი, ან დაბალს ქვევით შედეგი მიიღო.
ქიმიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 19,5%-მა.
ბიოლოგიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 14,7%-მა.
მაღალი შედეგები დაფიქსირდა უცხო ენებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე (სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სავალდებულო საგნებზე).
როგორც მისაღები გამოცდების, ასევე უმაღლეს სასწავლებელში საგნების არჩევისას აბიტურიენტები პრიორიტეტს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების, და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებებზე აკეთებენ.
საგამოცდო ტესტების 63% ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებით, ხოლო 20% – საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით იყო.