ქვეყნის განათლების სისტემა ძირეულ ცვლილებებს რომ საჭიროებს, ეს ცხადია, თუმცა, შინაარსობრივ ცვლილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სასკოლო ინფრასტრუქტურის არათუ მოწესრიგება, შექმნაც კი! ძველი, ამორტიზებული, მოუწყობელი, სიცოცხლისთვის საშიში შენობები _ ხშირად ბავშვებს ასეთ სკოლებში უხდებათ განათლების მიღება. ხშირია სასკოლო შენობების სარეაბილიტაციო პროცესის გაჭიანურებაც, რაც წლობით უქმნის დისკომფორტს ბავშვებს, პედაგოგებს, მშობლებს.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ მასშტაბური პროექტის _ 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გამოაცხადა. სექტემბერ-ოქტომბერში ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში უნდა გამოცხადდეს და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს:
“პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი გახორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება”, _ იუწყება მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი.
ეს მილიარდ ლარად ღირებული პროგრამა რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არავინ დაობს, მაგრამ როგორ ხორციელდება იგი? ჩვენ გაგაცნობთ რა ხდება გურიაში ამ პროექტის ფარგლებში და ვიწყებთ ლანჩხუთით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2022 წლის იანვარში გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პროექტები, საქართველოს მთავრობის მიერ, 8.6 მილიონი ლარით დაფინანსდა:
“მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლის, სოფელ ლესას და სოფელ გულიანის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სკოლებში შესაძლებელია 1000-ზე მეტი ბავშვის მიღება. ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლა, მინიმუმ, 500 ბავშვზეა გათვლილი, ლესას საჯარო სკოლა _ 300 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ გულიანის საჯარო სკოლა _ 300 მოსწავლეზე”.
განახლებული სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
დღეის მონაცემებით კი, ლანჩხუთში არაერთი სკოლაა რეაბილიტაციის მოლოდინში, რომლის მასწავლებლები და მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში არიან შეხიზნულები და მეორე ცვლის რეჟიმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. ზოგ შემთხვევაში, ასეთი მიგრაცია წლებია გრძელდება, რადგან სხვადასხვა მიზეზთა გამო, ამა თუ იმ სკოლის სარეაბილიტაციო პერიოდი, ან ახალი სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესი ჯანჯლდება.
წლევანდელი სასწავლო პროცესი საკმაოდ რთული იქნება ქალაქის პირველი საჯარო სკოლისთვის, რომლის კონტიგენტი ყველაზე დიდია მუნიციპალიტეტში და ვინაიდან აღნიშნული სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო, ამ სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს, ერთბაშად ორ სკოლაში _ მესამე საჯარო სკოლასა და სასულიერო გიმნაზიაში უწევთ სასწავლო პროცესის მეორე ცვლაში გაგრძელება.
პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს და იმედოვნებს, რომ მომავალი წლის 10 ოქტომბრამდე სკოლის შენობა სასწავლო პროცესისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022-2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით (როცა დამპროექტებელიც და მშენებელიც ერთი და იგივეა), აღნიშნულმა კომპანიამ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე სახელმწიფოსთან გააფორმა ჯამურად 549 203 770,0 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც, ჯამში, 75 ობიექტს მოიცავს. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორისაა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლაც. იმედია, ქალაქის სხვადასხვა სკოლაში გადანაწილებული პირველსკოლელები ერთ წელიწადში შეძლებენ მშობლიურ, თან განახლებულ სკოლას დაუბრუნდნენ.
შუხუთის საჯარო სკოლა იმ ჩამონათვალშია, რომლის კარიც უკვე მეორე სასწავლო წელია გამოკეტილია და ამ სკოლის კოლექტივს ნიგოითის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში უწევთ სასწავლო პროცესის გაგრძელება.
“ზუსტად წელიწადნახევარი გავიდა და კარიც არ შეუღია არავის. როცა სკოლა არაა ავარიულ მდგომარეობაში, თუ არ კეთდებოდა რემონტი, რა აუცილებელი იყო სხვა სკოლაში გადასვლა, მაგას ვერ მივხვდი. ამასობაში ზარალდებიან ბავშვები. ვეღარ ახერხებენ სხვა აქტივობებზე სიარულს, ვერც საგნებში მეცადინეობენ. ასე წლობით გაწელილი ტენდერი რა უბედურებაა ვერ ვხვდები, რას ემსახურება ასეთი გულგრილობა?” _ გამოხატავდნენ საკუთარ გულისწყრომას ახალი სასწავლო წლის დაწყებისას სკოლის აღსაზრდელთა მშობლები.
როგორც სოფლის მაჟორიტართან, ზაზა წულაძესთან სატელეფონო საუბრისას გავარკვიეთ, შუხუთის სკოლაში ამჯერად უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და პირველ ეტაპზე შენობის სახურავის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ის, რომ ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებდა, გასული წლის გაზაფხულისთვის გახდა ცნობილი და აქაურ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ალტერნატიულ ფართად მეზობელ სოფელში მდებარე ნინოშვილის საჯარო სკოლა შესთავაზეს; ცხადია, მეორე ცვლაში. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ის მოხერხდა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო დასკვნა, რომლითაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის (ეს სკოლა, ტერიტორიულად, ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ეწერში მდებარეობს) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა:
“მზიდი კონსტრუქციები ძლიერ დანესტიანებულია და წყალგაჯერებულ მდგომარეობაშია, რაც საკლასო ოთახებში ანტისანიტარულ პირობებს ქმნის და ასევე მნიშვნელოვნად აქვეითებს კონსტრუქციების სიმტკიცეს და მზიდუნარიანობას. შენობა საჭიროებს საფუძვლიან რეაბილიტაციას დაზიანებათა ხასიათიდან გამომდინარე. მზიდი კონსტრუქციები (როგორც ქვის, ასევე რკინა-ბეტონის) აღდგენისთვის საჭიროა ისეთი სახის ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს მათი ძლიერი დანესტიანების აღმოფხვრას. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისა და განსაკუთრებული სირთულის გათვალისწინებით, შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია”, _ წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 2022 წლის 18 ივლისით თარიღდება და მას ხელს ექსპერტი ალექსანდრე კაიფანჯიანი აწერს.
დრო გადის, მაგრამ საქმე მცირედითაც არ წაწეულა წინ _ არათუ სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება, ჯერჯერობით ძველი შენობის დემონტაჟიც არ მომხდარა. ამ სკოლის მოსწავლეთა მშობლები მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება ზიანს აყენებს მათ შვილებს: “ბავშვებს აერიათ ყველაფერი, არაფრის დრო არა აქვთ ამ მეორე ცვლის გამო. სწავლის დროც არაა საკმარისი, თამაში და განტვირთვა ხომ საერთოდ ზედმეტია, არც რამე წრეზე შესვლა. ჩვენთვის დრო იქ გაჩერდა, რა დროსაც გამოვედით ამ სკოლიდან. იქნებ, ვინმემ მოგვხედოს და დროზე დაიწყონ და დაამთავრონ”, _ ამბობენ მშობლები “გურია ნიუსთან”.
რახან შექმნილი დისკომფორტი დროში საკმაოდ გაწელილი აღმოჩნდა, ზოგმა, ვისთვისაც მეორე ცვლაში სიარული მოუქნელი აღმოჩნდა, სხვა სკოლაში ამჯობინა გადასვლა. ამირან გიგინეიშვილი იმ მშობელთაგან ერთ-ერთია, ვინც, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არჩევანი გააკეთა. რახან სკოლის გრაფიკის გამო ბავშვს უარის თქმა უწევდა სკოლის გარე აქტივობებზე, შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა მოუხდა. ის არ გამორიცხავს, რომ ჯურუყვეთის საჯარო სკოლა შეიძლება სულაც უფროსკლასელების გარეშე დარჩეს, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ მაღალი კლასის მოსწავლეებისთვისაა მოუქნელი მეორე ცვლაში სიარული:
“ეს ჩემი მშობლიური სკოლაა, ჩემი უფროსი შვილებიც ამ სკოლაში დადიოდნენ. წლების წინ პროექტიც მქონდა და აქ რაღაცეები გავარემონტეთ. ერთხელაც თქვეს, რომ აღარ შეიძლებოდა აქ სწავლა და მეორე ცვლაში,ნინოშვილის სკოლაში გადაიყვანეს ბავშვები 2022 წლის გაზაფხულიდან.
წარმოიდგინეთ, ბავშვი მე-11 კლასშია, ვეღარც სპორტზე დადის, ვეღარც – მასწავლებლებთან მეორე ცვლის გამო…. ამ ხნის მანძილზე არ გაკეთებულა არაფერი. არათუ ის, როდის გაკეთდება,ჯერ დაშლაც არაა დასრულებული… მეორედ მოსვლამდე ხომ ვერ დაველოდებოდით და ბავშვს სკოლა შევაცვლევინეთ და ლესის საჯარო სკოლაში გადავიყვანეთ.
რადგან ნინოშვილის სკოლასაც პრობლემები შეექმნა, ჯურუყვეთის სკოლის მოსწავლეები ლესის სკოლაში გადაიყვანეს მეორე ცვლაში. ცხადია, ჩემი მაგალითი არის ნათელი ნიმუში იმისა, რამდენად შესაძლებელია იკლოს ბავშვების რაოდენობამ და ეს სკოლა საერთოდაც უფროსკლასელების გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით მათთვისაა მოუქნელი მეორე ცვლაში სიარული”, _ ამბობს გიგინეიშვილი.
კითხვა რესურსცენტრს, სკოლის დირექციას, დაინტერესებულ მხარეებს _ მერს, საკრებულოს, მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის მაჟორიტარს _ “სანამდე იქნება ასე?” _ გასული წლის სექტემბერში გააჟღერა ამირან გიგინეიშვილმა, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო. “გურია ნიუსი” წერდა კიდეც მაშინ ამის თაობაზე.
გიგინეიშვილის პასუხად სოფლის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე მაშინ განმარტავდა, რომ უახლოეს ხანში იგეგმებოდა სკოლის შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ბავშვებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუკეთესო სკოლა ექნებოდათ: “ბავშვები გადაყვანილი არიან მიმდებარე სკოლაში მეორე ცვლაში. შეკეთებას აღარ ექვემდებარება ეს სკოლა და ამიტომ მოხდება მისი დემონტაჟი. დემონტაჟი დაიწყება უახლოეს ხანში (შესაბამისი პროცედურებია გასავლელი) და ბავშვებს ექნებათ საუკეთესო სკოლა. ცოტა ხნით მოგიწევთ დისკომფორტთან შეგუება, მალე იქნება ახალი და კარგი სკოლა”, _ ამბობდა სოფლის მაჟორიტარი.
უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის, მაშინ “გურია ნიუსი” ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჩიტაძეს დაუკავშირდა. იგი ამბობდა, რომ სკოლის დემონტაჟის თაობაზე დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო და ახლა ჯერი დემონტაჟის პროექტის მომზადებაზე იყო, რის შემდეგაც ახალი პროექტის შესაბამისად, სკოლის მშენებლობა დაიწყებოდა:
“სადღაც ივლისის ბოლოს გახდა ჩვენთვის ცნობილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, რომ შენობა დასაშლელია. ეს შენობა საკმაოდ რთულ ვითარებაში იყო და ბავშვების იქ გაჩერება საშიში გახლდათ, რადგან ჩავარდნილია იატაკი, ჭერიდან კი ბათქაში ცვივა; შესაბამისად, მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მანამ, სანამ სამხარაული ჩამოვიდოდა, მოხდა მოსწავლეების გადაყვანა ალტერნატიულ შენობაში. სამხარაულის ბიურომ დადო დასკვნა, რომ შენობა იმდენად ამორტიზირებულია, რომ მთლიანად უნდა დაიშალოს და აშენდეს ახალი. შესაბამისად, სკოლას დაწერილი აქვს განცხადება და პროექტი უნდა მომზადდეს დემონტაჟზე, ესეც სამხარაულის ბიუროს მიერ. ამ პროექტის მომზადების მერე მოხდება სკოლის დემონტაჟი და ახალი პროექტი დამტკიცდება. აქედან გამომდინარე, ზუსტ დროს, თუ როდისთვის იქნება მზად ახალი სკოლა, ჯერჯერობით ვერ ვასახელებთ. ბავშვები გადაყვანილი არიან უახლოეს სასწავლო დაწესებულებაში, მთელ სკოლას ემსახურება ტრანსპორტი”, _ გვითხრა გასულ წელს ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს ადგილობრივი ოპოზიციაც; მათი აზრით, ბავშვებს შეზღუდული აქვთ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება.
“წელიწადნახევარია დაკეტილია ეს სკოლა. არსებობს დასკვნა, რომ ეს შენობა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და საჭიროებს დემონტაჟს, ახალი სკოლის აშენებას. სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში განათლების სამინისტრომ ვერ მოახერხა ჩაეტარებინა აუქციონი თუ ტენდერი, რომ ვიღაცას დაეშალა ეს ძველი შენობა და დაეწყო ახლის მშენებლობა. 105 ბავშვი გადაიყვანეს ნინოშვილის საჯარო სკოლაში, სადაც ახლა მეწყერული პრობლემები წარმოიშვა და იქედანაც გადაყვანა გახდა აუცილებელი. ეს უამრავ პრობლემას უქმნის ბავშვებსაც და მშობლებსაც, მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში. მოგეხსენებათ როგორი ძნელია ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაადგილება… თანაც, ზოგი აბიტურიენტია, ზოგიც სხვადასხვა აქტივებებზე დადის სკოლის გარეთ. გამოდის, რომ ბავშვები არასრულფასოვნად იღებენ განათლებასაც და იმ უნარებსაც, რაც სჭირდებათ ეროვნული გამოცდებისთვის. ორჯერ ჩავარდა უკვე აუქციონი და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ მესამედ გამართულ აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული. იმედია, დემონტაჟი მალე დაიწყება, თუმცა, ვერ გეტყვით მშენებლობა როდის დაიწყება და როდის შეძლებენ იქაური ბავშვები ნორმალურ გარემოში განათლების მიღებას; ეს, სამწუხაროდ, არავინ იცის”, _ ამბობს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ირმა მგელაძე.
ამ მასალის მომზადების დროს, ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტი, სადაც უკვე მიმდინარეობს დემონტაჟი _ აუქციონი როგორც იქნა, შედგა. ამ სკოლის დირექტორი პლატონ (პაატა) ბურძგლა კი ლესის საჯარო სკოლასთან შეგვხვდა, სადაც სასკოლო ინვენტარი და მასალები გადაჰქონდა _ საქმე იმაშია, რომ “ლტოლვილი” სკოლა, რომელიც იქვე ახლოს ნინოშვილის საჯარო სკოლამ შეიფარა, მეორედ გახდა “ლტოლვილი” _ ამჯერად, სტიქიის გამო. რვა სექტემბერს გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, გეოლოგების პირველადი დასკვნით, ნინოშვილის საჯარო სკოლა მოსწავლეების მისაღებად საფრთხის შემცველად ჩაითვალა და ჯურუყვეთში და ნინოშვილში მცხოვრებ ბავშვთა გადამისამართება, ამჯერად, ლესის საჯარო სკოლაში მოხდა! სოფელ ნინოშვილიდან მოსწავლეთა ნაწილი ჯურუყვეთის მეორე საჯარო სკოლაში დადის, ნაწილი კი _ სოფელ ლესაში.
როცა ჯურუყვეთის მეორე სკოლაში მივედით, უკვე ბინდდებოდა და მეორე ცვლის სასწავლო პროცესიც დასრულდა. ბავშვებს თავიანთ სოფლამდე, მერე კი სახლამდე, საკმაო მანძილის გავლა უხდებათ და სახლში დაღლილები მიდიან. ნინოშვილის მცხოვრები ოთარ ანთაძე ამბობს, რომ მის შვილიშვილს და მის მეგობრებს, უჭირთ ამ რეჟიმში სწავლა:
“იმ გადაუღებელი წვიმების შედეგად, მეწყერი წარმოიშვა ნინოშვილის საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპერტები ამბობენ რომ აქ ბავშვების სწავლება არ შეიძლება, ასევე დაზიანებულია მოსახლეობის საკარმიდამო ფართობები და სახლები. ყველა სტრესშია… მოსწავლეები უკვე სკოლაში აღარ სწავლობენ აქ _ გადაყვანილები არიან ჯურუყვეთის სკოლაში. ეს ყველაფერი დისკომფორტს უქმნის, რავა არ უქმნის _ პატარა ბავშვები წაიყვანო მეორე ცვლაში _ ზამთრის პერიოდში 6 საათზე მოდის სახლში, სწავლაშიც ეშლება ხელი, დაღლილმა ბაღანამ ვეღარ ისწავლა…” _ ამბობს ბატონი ოთარი. ჩვენ მასთან ერთად დავათვალიერეთ შემზარავი სტიქიის ნამოქმედარი _ სკოლის შენობიდან რამდენიმე მეტრში მიწაა ჩაშვავებული და ასწლოვანი ხეებიც კი ასანთის ღერებივით აქვს ჩატანილი. ჩვენ ნინოშვილის სკოლის მასწავლებლებს და დირექტორს აკაკი დიასამიძეს ჯურუყვეთის მეორე სკოლაში შევხვდით. ცხადია, ყველას უნდა თავიანთ სკოლაში დაბრუნება, მაგრამ საფუძვლიანი ექსპერტიზის გარეშე, თავის თავზე ვერავინ აიღებს მოსწავლეთა უსაფრთხოებას. “გამოხიზნულ” პედაგოგებს, ბავშვებს სხვა პრობლემაც აქვთ, რომელიც სულაც არაა წვრილმანი: ჯურუყვეთში, ამ სკოლის ახლოს არც ერთი მაღაზია, საცხობი ან კვების ობიექტი არაა. ასე, რომ უხდებათ ან სახლიდან წაიღონ საგზალი ან… იშიმშილონ 7-8 საათამდე, სანამ სახლს არ მიაღწევენ. მით უმეტეს, დამეწყრილი და იავარქმნილი გზებით უწევთ ყოველ დღე გადაადგილება.
სამხარაულის დასკვნამ, რომ სკოლის შენობა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, ნინოშვილელებში გარკვეული სახის უნდობლობა გააჩინა და ამ თემაზე სამსჯელოდ სამ ოქტომბერს, სოფლის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა კიდეც, რომელსაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძეც ესწრებოდა.
“ჯერ თქვეს, რომ უსაფრთხო იყო ეს შენობა, მერე კი საფრთხეს შეიცავდა. ჩვენ, მოსახლეობა, ვფიქრობთ, რომ არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი შვილებისთვის ამ შენობაში ყოფნა, არ გვინდა რომ ეს სკოლა გაუქმდეს. ეჭვს გეოლოგების დასკვნისადმი ის გვიჩენს, რომ თავიდან გვითხრეს უსაფრთხოა ეს შენობაო. მერე რატომ შეიცვალა მათი ეს დასკვნა, არ ვიცით, ვერავინ ვერაფერს გვეუბნება. მოვითხოვთ, მოიწვიონ გეოლოგთა სხვა ჯგუფი და ხელახლა შემოწმდეს.
წყლის სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობდა და15 სექტემბერს ამიტომაც ვერ დაიწყო აქ სწავლა, ახლა კი, უცებ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს და გვითხრეს, რომ მეზობელი სოფლის სკოლის შენობაში გადაგიყვანთო. მხოლოდ სიტყვიერი დასკვნა არსებობს, გვაჩვენონ ოფიციალური საბუთი”, _ ამბობდნენ შეხვედრაზე მყოფი მოქალაქეები.
მოსახლეობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა შეხვედრაზე მყოფმა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, რომელმაც მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია გეოლოგების დასკვნის უგულებელყოფა და მოსწავლეების საფრთხეში ჩაგდება: “იყვნენ ადგილზე გეოლოგები და ვიზუალური დათვალიერების შედეგად თქვეს, რომ აქ ბავშვების განთავსება არ იყო მიზანშეწონილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია რესურსცენტრთან და ნინოშვილის სკოლას შევთავაზეთ უახლოესი სოფლის, ჯურუყვეთის #2 საჯარო სკოლის შენობა, დღის მეორე ცვლაში. თუმცა, სოფელი უკმაყოფილოა და გეოლოგების ოფიციალურ დასკვნას ითხოვენ”, _ თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.
აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ნინოშვილის სკოლის ადმინისტრაციამაც: “გაცნობებთ, რომ ნინოშვილის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სრულყოფილი გეოლოგიური შესწავლის მიზნით, ჩვენ თვითონ დავუკავშირდით სამხარაულის ეროვნული საექსპერტო ბიუროს “ცხელ ხაზს”. საიდანაც გვაცნობეს, რომ ამ მიზნით უნდა შევიდეს სკოლის განაცხადი (შეტანა შეიძლება ბათუმის ოფისიდანაც) და ერთი თვის ვადაში, თბილისიდან მოვლენილი სპეციალისტები, გამოკვლევების შედეგად დადებენ დასკვნას, რითაც გამოჩნდება სკოლის ტერიტორიის მდგრადობისა და მისი ექსპლუატაციაში გამოყენების ვარგისიანობა. ამ მიზნით, ხვალ შევიტანთ განაცხადს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, გთხოვთ, ჩვენი სკოლის ყველა გულშემატკივარს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სკოლას მივცეთ ნორმალური ფუნქციონირების უნარი ალტერნატიულ ფართში საბოლოო დასკვნის დადებამდე”, _ ნათქვამი იყო ამ განცხადებაში.
ეს სკოლა და სოფელი ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია; მეორე სოფელი _ სახურავის დროულად შეცვლის; მესამე _ დემონტაჟის დროულად დაწყების მოლოდინში და ასე შემდეგ… ამასობაში კი, ჩვენს ბავშვებს და მათ მასწავლებლებს, აქ, დამეწყრილ და პრობლემებით სავსე სოფლებში უწევთ სახლში ბნელში მისვლასაც გაუმკლავდნენ, შიმშილსაც, მალე _ თოვლსა და ყინვაში გრძელ გზაზე სიარულს და აწეწილ ცხოვრებისეულ გრაფიკს. ზოგისთვის რეაბილიტაციის ვადების დარღვევა მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესია”, ზოგისთვის კი – გაჭირვებული ცხოვრება, არასრულფასოვანი განათლება და ჩაშხამებული ბავშვობა.
ავტორი