საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა.
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს“,_ განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.
ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში, უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.
“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს რომელიც უნდა გადაიდგას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში იმისთვის რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას“,_ განაცხადა სტივენ ნიქსმა.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%.