ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, პრესკონფერენცია თეატრის საგასტროლო ტურნესთან დაკავშირებით გამართა.
ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საგასტროლო ტურნეს თბილისში, თელავსა და გორში მართავს, სადაც წარმოადგენს ტრილოგიის მესამე ნაწილს ,,ექვთიმე“.
ვასო ჩიგოგიძემ თქვა, რომ პირველი სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში, 19 ნოემბერს 19:00 საათზე იქნება წარმოდგენილი. 21 ნოემბერს კი, 19:00 საათზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, ხოლო 23 ნოემბერს საგასტროლო ტურნე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდება.
ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ღიად თქვა, რომ ის უზომოდ გახარებულია იმ ფაქტით, რის იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა.
_ ის ჩვენი ჩანაფიქრი, გაგვებედა წმინდანთან მიახლება, შევძელით და განვახორციელეთ. პირველად, ქართული თეატრის ისტორიაში ექვთიმეს ოზურგეთის თეატრმა შებედა და ბედნიერი ვარ, რომ პროექტი წარმატებით გახორციელდა. იმაზე დიდია შედეგი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. მინისტრის პირადი ინიციატივაა, სპექტაკლი ნახოს სრულიად საქართველომ. ამ სპექტაკლის ჩვენებას აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, აუცილებლად გავმართავთ სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, როგორ იღებენ ბავშვები ექვთიმეს, როგორი უშუალოა და ხალასი მათი შეფასებები სპექტაკლის ჩვენების შემდეგ. ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ პროექტი “თეატრი და სკოლა”, უნდა ნახოთ, როგორ გაიზარდნენ ბავშვები, როგორც მაყურებლები. სადღაა ის მზესუმზირის ფცქვნა ან ხმაური… გეუბნებით, ეს ბედნიერებაა და როგორ არ უნდა მიხაროდეს, _ ემოციურად თქვა ვასო ჩიგოგოიძემ და ეს სიხარული კიდევ უფრო გადამდები გახადა ყველასთვის.
მან აღნიშნა, რომ მომდევნო წლიდან ახალი ტრილოგია იგეგმება. ესაა –ვაჟა, ილია და აკაკი. უდავოდ სასიამოვნო იქნება მაყურებლისთვის ამ სამი ბუმბერაზის ხილვა სასცენო ვერსიებით.
ვასო ჩიგოგიძემ ასევე თქვა, რომ ცვლილებაა დაგეგმილ ღონისძიებებში. მომდევნო წლის ივნისში, „ექვთიმე“ პარიზის თეატრის სცენას ესტუმრება, ხოლო ლევილში ფესტივალი ნოდარ დუმბაძით გაიხსნება.
„გაჟღერდა ფრაზა – მიბაძეთ ოზურგეთის თეატრს, მე ვამბობ – ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ კი არა, მხოლოდ, უკვე გვაქვს ამბიცია, ვიყოთ პირველები პირველთა შორის. რადგან მე მყავს ასეთი ადმინისტრაცია, სამსახიობო შემადგენლობა, ტექნიკური პერსონალი”,_ განაცხადა ჩიგოგიძემ.
ავტორი