კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 24 წლის გიორგი გველესიანია დაკავებული. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ექიმების თქმით, სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია, დღეს პალატაში გადაიყვანენ და გამორიცხული არაა, რომ პოლიციამ ის დღესვე გამოკითხოს.
როგორც სანიკიძის ახლობლები ამბობენ, მიზეზი, რატომ რა იყო დაჭრის მიზეზი მათთვის უცნობია.
“ამ თემაზე არ იყო საუბარი, შესაბამისად არც მე ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ რა ჰქონდათ კომუნიკაცია. მტერი არ ჰყავდა, კოსტა უკარგესი, უკეთილესი პიროვნებაა, შესაბამისად, მტრებიც არ ჰყავდა. მართლა არ ვიცით არავინ რა იყო მოტივი. ეს სახელი და გვარი, არავის არაფერს არ გვეუბნება. პირველად რომ იყო სახლი შეეშალა, მეორედ უკვე ზუსტ მისამართზე მივიდა”, – ამბობს სანიკიძის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გველესიანი კოსტა სანიკიძეს 19 ნოემბერს, გამთენიისას, დილის 7 საათზე იმ დროს დაესხა თავს, როცა ის საკუთარ სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. სანიკიძის დაცვას დედა შეეცადა, თუმცა თავდამსხმელმა ცივი იარაღით 5 ჭრილობის მიყენება მაინც შეძლო. შეიარაღებულ თავდამსხმელს პოლიციის მისვლამდე, მეზობლებმა გაქცევის საშუალება არ მისცეს.