BBC-იმ გამოაქვეყნა 2023 წლის 100 შთამაგონებელი და გავლენიანი ქალის სია მთელი მსოფლიოდან.
ამ სიაში მოხვდა პოპულარული Facebook ჯგუფის “ვეძებ”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე.
BBC წერს, რომ მუსერიძე 18 წლიდან ცნობილი სახე იყო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაგრამ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო.
მან ყველაფერი დათმო ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად და კვლევის დროს აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ შავ ბაზარზე ფართომასშტაბიანი ჩვილებით ვაჭრობა საქართველოში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მიმდინარეობდა.
მან შექმნა ფეისბუქის ჯგუფი “მე ვეძებ”, რამაც გამოიწვია საუბარი ძირითადად სამშობიაროდან წაყვანილი ბავშვების შესახებ.
მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარს.
ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავლენიან 100 ქალის სიაში მოხვედრას, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“წელს პირველად BBC საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!!წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!წელს,მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!! ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა! არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან.არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!” – წერს მუსერიძე.