რამდენიმე დღის წინ ქალაქ თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს 1993 წელს უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნობილი რამდენიმე მებრძოლი. მათ შორის იყო სამტრედიელი მერაბ ბუაძე, რომელიც 24-ე ბატალიონში იბრძოდა და თანამებრძოლებმა ბოლოს ტამიშის ფრონტზე ნახეს. მისი ამოცნობა სულ ახლახან მოხდა და 15 ნოემბერს სხვა მებრძოლებთან ერთად მერაბ ბუაძეც სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, საიდანაც მეორე დღეს გმირულად დაღუპული 32 წლის სამტრედიელი ახალგაზრდა თბილისის მიწას მიაბარეს.
გამოსამშვიდობებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ადამიანი იყო წასული. მათ შორის გახლდათ მერაბ ბუაძის თანამებრძოლი, 24- ე ბატალიონის წევრი რადი შენგელია. ,, გურია ნიუსთან ” მან მერაბის შესახებ ისეთი რამ ისაუბრა, რაც ბევრისთვის დღემდე უცნობია:
,,მერაბ ბუაძე იყო ტრაგიკული პიროვნება. მოგეხსენებათ, ჩვენ საბჭოთა კავშირის დროინდელი თაობა ვართ. მაშინ სამხედრო სავალდებულო იყო საბჭოთა ჯარში სამსახური. მერაბს მოუწია ავღანეთში სამსახური. ერთ ღამეს კარავში მოჯახედებმა ყელი გამოჭრეს 60 კაცს. ამათგან გადარჩა მხოლოდ 6 . ალბათ, არტერია არ იყო გადაჭრილი და ერთ-ერთი იყო მერაბ ბუაძე. დიდი შრამი ჰქონდა კისერზე. ამის მერე იყო აფხაზეთი და დაიკარგა უგზოუკვლოდ.
იმ ღამეს ერთად შევედით ტამიშში. იმ ღამეს დაგვეღუპა კირილე რევიშვილი, რომელიც ზეწარით გამოვიყვანეთ ცხელი წერტილიდან. პოზიციაძე რომ დავბრუნდით, მაშინ ვნახე მერაბი ბოლოს. შტაბში რომ დავბრუნდით, მერაბი აღარ იყო.
ძალიან მინდოდა, მერაბი სამხედრო პატივით გამეცილებინა და ამიტომ წავედი ფორმით და 30 წლის შემდეგ მქონდა ეს პატივი. დიდება გმირებს.”
ავტორი