დღეს დაბა ჩოხატაურის ცენტრში არსებული პატარა სკვერის ამბავს გიამბობთ, რომელმაც ამ წლის სექტემბერში განვითარებული მოვლენების გამო, მთელ საქართველოში გაითქვა სახელი: ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ნაწილი განუსხვისებელი ქონების ნუსხიდან “ამოეჭრა” და გაეყიდა. ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების მწვავე რეაქციას ფიზიკური დაპირისპირება, ადამიანების დაზიანება, სისხლის სამართლის დანაშაულის ესკალაცია მოჰყვა.
საზოგადოების მწვავე რეაქციის მიუხედავად, მცდარი და უკანონო გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ მმართველი პარტიის პირველი პირების დირექტივით შეცვალა. ამ ამბის მოკლე ანამნეზი ამგვარია, მაგრამ მის უკან ძალიან ბევრი სისტემური პრობლემა იმალება, რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სკვერები, პარკები, თავიანთი მნიშვნელობით, ფუნქციით ფასდაუდებელი და უნიკალური აქტივია საქალაქო სივრცესა და ინფრასტრუქტურაში. სპეციალისტები თვლიან, რომ მათი არსებობა “იმდენად მრავალმნიშვნელოვანია, რომ მათი ფართობების შემცირება ან მოვლა-პატრონობის არაპრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება პირდაპირ აისახება ქალაქში _ გაუარესებულ ეკოლოგიურ, მოსახლეობაში კი _ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. პარკები, სკვერები, ქუჩის ხეივნები და სხვა მწვანე ნარგავები (“მწვანე ინფრასტრუქტურა”) არა მხოლოდ ქალაქის “მწვანე ფილტვებია”, … არამედ მათი მეშვეობით იქმნება ქალაქის უნიკალური სახე, ხდება მისი აღქმა და იქმნება ქალაქის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროფილი”.
ქალაქ ბოგოტის ყოფილი მერი ენრიკე პენიალოსა ლონდონიო მიიჩნევდა, რომ “სკვერები, პარკები და სხვა საფეხმავლო სივრცეები აუცილებელია ქალაქის ბედნიერებისთვის”.
იმის მიუხედავად, რომ ჩოხატაური ლამაზი, მწვანე ბუნების წიაღშია “ჩახატ(ა)ული”, სკვერების და პარკების სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის: ულამაზესი პარკი, რომელსაც თაობები აშენებდნენ და ურთიერთკომუნიკაციისთვის, დასვენებისთვის იყენებდნენ, ეკლესიის ეზოდ იქცა და გალავნით შემოიღობა; არაჩვეულებრივი იდეა “კრიმანჭულის” სკვერის შესახებ, მხოლოდ ლამაზ დასახელებად იქცა _ მახინჯი დიზაინის და მოუხერხებლობის გამო, სკვერი სრულიად უფუნქციოა; ჯერჯერობით, უფუნქციოა კინოსახლთან არსებული პაწია სკვერი; ჭიანურდება “ივლიტას ბიბლიოთეკასთან” დაგეგმილი სკვერის მოწყობა…. სულ ესაა ჩოხატაურელების, მათ შორის, ახალგაზრდების არჩევანი, თუ მწვანე სივრცეში ჩამოჯდომას, თავშეყრას ან სულაც პაემნის დანიშვნას გადაწყვეტენ.
არადა, არაერთხელ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ჩოხატაურში მცხოვრებ მოქალაქეებს “მწვანე ინფრასტრუქტურა” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
2020 წლის ოქტომბერში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების, USAID-ის დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, კვლევა ჩატარდა _ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხეს, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან. გურიაში ფოკუს ჯგუფის წუხილები ასეთი იყო: სიღარიბე და უმუშევრობა; ძვირი და უხარისხო ჯანდაცვა; მოუწესრიგებელი სადაზღვევო სისტემები; განათლების სისტემის გაუმართავობა; კორუფცია (უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში); ინფრასტრუქტურის გაუმართაობა (უწყლობა ან სასმელად უვარგისი წყალი, მოუწესრიგებელი ტრანსპორტი, შეზღუდული სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა) და მათ შორის, სკვერების, პარკების და საზოგადოებრივი სივრცეების მოუწესრიგებლობა ან საერთოდ არ არსებობა.
2022 წლის მარტ-აპრილში, NDI-ის დაფინანსებით, “ინფორმირებული არჩევნის” ფარგლებში ისევ ჩატარდა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების კვლევა. აღმოჩნდა, რომ დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე მწვავე პრობლემად რჩება რეკრეაციული ზონების, თავშეყრის ადგილების ნაკლებობა, მოუვლელი პარკები და სკვერები. როგორც კვლევის მონაწილე რესპონდენტები აღნიშნავენ, “მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში არის გამოყოფილი თანხები სკვერების კეთილმოწყობისა და გამწვანებისთვის, სრულფასოვნად მაინც არაფერი კეთდება”…
აბა ჩოხატაურის ცენტრში არსებული ეს ვიწრო ზოლი, რომლის ერთი ნაწილი საამაყო ანა კალანდაძის, მეორე ნაწილი კი საამაყო ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს, შესაძლოა “გინესის” რეკორდსმენიც კი იყოს მასში ჩადებული ინვესტირების თვალსაზრისით: ათწლეულების მანძილზე, ამ პაწია “მწვანე ინფრასტრუქტურისთვის” ასეულობით ათასი ლარია “დახარჯული”. თუ “გურია ნიუსის” არქივს თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ სხვადასხვა დროს, ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან მუდმივად იხარჯებოდა ფული მის “მოსაწესრიგებლად”, “რეკონსტრუქციისთვის”, “ხის “რეიკებით” საჯდომების შესაცვლელად”,”მიწის შემოზიდვისთვის”, “ხის საჯდომების ზეთოვანი საღებავით შესაღებად”, “ბორდიურების შეცვლისთვის, შეღებვისთვის” და ასე შემდეგ. მაგალითად, 2010 წელს 500 000 ლარი რამდენიმე პროექტის, მათ შორის, ამ სკვერის რეაბილიტირებისთვის დაიხარჯა ცენტრალური ბიუჯეტიდან და იმავე წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან” 6 000-ლარზე მეტი დაუმატეს!
“გურია ნიუსი” მაშინ წერდა, რომ ფული უმიზნოდ გაიფლანგა და სკვერს ახალი სკამიც კი არ შემატებია. ამ შეფასების მართებულობა იქედანაც ჩანდა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში, სკვერს რეაბილიტაცია დასჭირდა და 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, დიდი ინვესტიციაც გახორციელდა _ ამჯერად, 220 000 ლარი დაიხარჯა!
_ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან ლამაზი და თანამედროვე კულტურული, გასართობი და დასასვენებელი ცენტრი, რომელიც ჩოხატაურელებს წლების განმავლობაში არ ჰქონიათ. ერთ მხარეს იქნება ანა კალანდაძის სახელობის ხეივანი, მეორე მხარეს კი _ ნოდარ დუმბაძის. დაიდგმება ბანერები, რომელზედაც დატანილი იქნება ჩოხატაურის ღირსშესანიშნაობები. იქნება თანამედროვე ტიპის განათება, სასეირნო ბილიკები. ყველა პრობლემის ერთდროულად გადაწყვეტა წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ აქაურობა გაცოცხლდეს, იყოს ახალგაზრდობისთვის საინტერესო, რომ წლების შემდეგ მათ ჰქონდეთ სურვილი, დარჩნენ ჩოხატაურში, აქ აკეთონ საქმე და ყველას ეამაყებოდეს ჩოხატაურის ხსენება, _ ამბობდა მაშინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი.
საინტერესოა, რომ მისივე თქმით, სკვერის კეთილმოწყობის საკითხი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გადაწყდა:
_ შემიძლია გაჩვენოთ კონკრეტული გამოკითხვის ბარათები, 600-ზე მეტმა ადამიანმა პრიორიტეტების მიხედვით ნუმერაცია მიანიჭა სასურველ პროექტს. გამოკითხვა დეკემბერში ჩატარდა, ჩვენ დაბის აპარატს ვთხოვეთ დაერიგებინა ანკეტები, შესულიყო ყველა სახლში და მოსახლეობას აბსოლუტურად ანონიმურად აღენიშნა, რა იყო მათთვის პრიორიტეტული. შეჯამების შედეგად დადგინდა რამდენიმე მთავარი პრიორიტეტი, რომელთა შორის დაბის სკვერის რეაბილიტაციაც იყო. გამოყოფილი 220 000 ლარიდან ნაწილი სკვერის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, ნაწილი _ სკვერის გამწვანებაზე.
სკვერს პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრში ყოფნაც დაებედა: 2012 წლის სექტემბერში, ლელა იმედაშვილის მიერ დაანონსებული რეაბილიტაციის პროცესი გახსნის ცერემონიალით დასრულდა, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელმა ხელისუფლებამ სკვერის გახსნა პარტიულ პიარ ღონისძიებად აქცია: ახალ სკვერში ოზურგეთიდან ჩამოყვანილი “ნაციონალები” და დამხვედრი ჩოხატაურელები “რამაზი, რამაზის” (რამაზ ნიკოლაიშვილის საპატივცემულოდ) იძახდნენ და ფლეშმობიც კი გამართეს. სკვერთან მდებარე შენობის კედლებზე კი, მაშინ ოპოზიციაში მყოფი “ქართული ოცნების” აქტივისტები “ნაციონალური” ხელისუფლების მიერ დარბეული მიტინგების შემზარავ კადრებს პროექტორით უშვებდნენ. უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, საბედნიეროდ, ხელჩართული ბრძოლის გარეშე დასრულდა.
გამოხდა ხანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “განახლებული რეგიონების” მილიარდიანი პროგრამა დააანონსა და ცხადია, ჩოხატაურის ცენტრის რეაბილიტირება დუმბაძის სახელობის სკვერის გარეშე ვერ ჩაივლიდა. მაგრამ აქ ერთი მოულოდნელი ამბავი მოხდა: როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაჩო ახალაძე წერდა, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩოხატაურის და ჩოხატაურელების წინააღმდეგაა მიმართული. დღეს საკრებულოს სხდომაზე მერიამ წარმოადგინა შემდეგი საკითხი: “ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი) (ს/კ 28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”. რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული სკვერის ტერიტორია უნდა გაიყიდოს, სავარაუდოდ, კერძო პირზე, რომელიც ააშენებს კომერციულ ფართს, სადაც განთავსდება “საქართველოს ბანკი”. არ მოგესმათ! უნდა გაიყიდოს ჩოხატაურში ერთადერთი დასასვენებელი სკვერი, რომელიც ასე ამშვენებს ჩოხატაურს. აღნიშნულ ტერიტორიას მუნიციპალიტეტი ჰყიდის 15 335 ლარად… ანუ რაიონის ცენტრში 1კვ/მ მიწას 53 ლარად, მაშინ, როდესაც რაიონში არაერთი თავისუფალი ადგილია ბანკის განთავსებისთვის. თუმცა, აქ ბანკი მხოლოდ მიზეზია, “ოცნებასთან”, სავარაუდოდ, დაახლოებული ბიზნესმენის “გასაპრავებლად”, _ წერდა ახალაძე. ამ ბიზნესმენში ახალაძე პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძეს გულისხმობდა, თუმცა, თავის მხრივ, ჩიგოგიძე უარყოფდა სკვერის მიტაცებასთან კავშირს.
მუნიციპალური ქონების გასხვისების გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რომელსაც არავითარი საზოგადოებრივი ან საჯარო ინტერესი არ ედო საფუძვლად, მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ასე ხსნიდა:
“გადავწყვიტეთ, რომ ჩოხატაურში, სადაც არ არის “საქართველოს ბანკი”, შემოგვეყვანა. შეთანხმება უკვე გაკეთებულია. სამხარაულის ექსპერტიზამ ტერიტორია შეაფასა 15 000 ლარად და ამ ფასად გავიტანთ აუქციონზე. პარკში არ მოიჭრება არც ხე, არც სკამი და ან ბილიკი არ გაუქმდება. 295 კვადრატი არის მიწის ნაკვეთი, კოეფიციენტების მიხედვით, აიღებენ მშენებლობის უფლებას და ჩადგამენ ბანკის შენობას მსუბუქი კონსტრუქციით ოთხივე მხრიდან პანორამაში.
“საქართველოს ბანკმა” მოგვთხოვა სოციალური პროექტის გაკეთება და ჩვენ შევთავაზეთ, რომ რამე ღირებული გაეკეთებინა ჩოხატაურისთვის და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სოციალური პროექტის ღირებულების 120 000 ლარს ჩაგვირიცხავენ ერთჯერადად. ამ თანხით ვფიქრობთ, რომ როდესაც დასრულდება ცენტრის რეაბილიტაცია, ნოდარ დუმბაძის პარკის შესასვლელში დავაყენოთ დიდი მონიტორი, როგორიცაა, მაგალითად, თბილისში, სხვადასხვა რეკლამები, სადაც არის განთავსებული და ეს პლუს, შემოსავალს მოგვიტანს.
გარდა ამისა, ამჟამად ჩვენი საბიუჯეტო თანხები არის “ლიბერთი ბანკში” განთავსებული და “საქართველოს ბანკში” გადატანის შემთხვევაში, მაღალი საპროცენტო განაკვეთით ვისარგებლებთ”, _ ამბობდა დავით შარაშიძე.
ამ განცხადებამ ბევრი გაუგებრობა გამოიწვია საზოგადოებაში, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ბიზნესგარიგება კონკრეტული პირის ინტერესს წარმოადგენდა. ასევე, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რამდენადაა უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობა ლობირება გაუწიოს კონკრეტულ ბანკს; როგორ ხდება, რომ აუქციონში, რომლის შედეგიც წინასწარ განჭვრეტადი არაა, უკვე ცალსახად დასახელებულია გამარჯვებული, დასახელებულია აუქციონის საბოლოო ღირებულება; რატომაა, რომ თვითმმართველობა აპირებს კონკურენციაში შევიდეს სარეკლამო ბიზნესთან, რაც პარტიული მიკერძოების საფრთხესაც შეიცავს (სხვათა შორის, ქვეყანაში ბოლო დროის მკვეთრი ტენდენციაა ხელისუფლების მიერ, ბიზნესსექტორის ფუნქციების სრული შეთავსება: ფესტივლების, კონცერტების, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობის სრულად შეთავსება; ასევე, სხვადასხვა სტრუქტურების და ინსტიტუციების მომარაგების სისტემების ცენტრალიზება და ერთი პირის ხელში მოქცევა, რაც კლავს ადგილზე კონკურენციას და წვრილი ბიზნესის განვითარებას).
ამ ნიუანსებზე გაამახვილა ყურადღება პარტია “საქართველოსთვის” 2021 წლის არჩევნებში მერობის კანდიდატმა პაატა ბერიშვილმა და მერს სოცქსელით მიმართა:
“…განმარტება: აუქციონი _ ქონების საჯარო გაყიდვის პროცესი. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს.
დიახ, ვეკითხები მერს; ბატონო მერო, ამბობთ რომ პარკში ჩადგამენ ბანკის შენობას, რა ინფორმაციას ფლობთ ან რა წყაროზე დაყრდნობით გვეუბნებით, რომ საჯარო გაყიდვის დროს აუქციონის გამარჯვებული იქნება “საქართველოს ბანკი”? საიდან გასცემთ დაპირებას ან რა გარანტიები გაქვთ?
შეგახსენებთ _ აუქციონის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, ბევრისთვის იქნება მიმზიდველი, მათ შორის, არა ადგილობრივისთვის (მსგავსი მაგალითი გაქვთ) ხომ არ ტოვებს თქვენი განცხადება იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ფარულ გარიგებებს აქვს ადგილი? ხომ არ გიფიქრიათ რომ ასეთი განცხადება თქვენგან მინიმუმ უფლებამოსილების გადამეტებაა?
რჩევა: რაც შეეხება სოციალურ პროექტს: ის პირობა შეასრულეთ, ყველა წელს რომ ჰპირდებით ცისფერი ეკრანიდან (ვიდეო მასალითაც შემიძლია გაგახსენოთ), წელს, უფრო მომატებულ სოციალურად დაუცველებს უფასო სასადილოს გაგიხსნითო. მაგისთვის გამოიყენეთ ეგ 120 000 ლარი. ტელევიზორს დიდ ეკრანზე სახლში უცქირეთ”, _ წერს ბერიშვილი.
ყოფილ ოპონენტს ჩოხატაურის მერმა იქვე უპასუხა:
“მოგესალმები, პაატა. შენ წლების განმავლობაში საჯარო მოხელე იყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი საკითხები არ გისწავლია, ან მეორეც _ შეიძლება იფიქრო, რომ მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებით იყავი დაკავებული. მერია საჯარო აუქციონს გამოაცხადებს კონკრეტული პირობით. შენ პირობიანი აუქციონი არ გაგიგია??? ძალიან მოუხდება იმ ადგილს ახალი თანამედროვე სტანდარტების მსუბუქი კონსტრუქციის “საქართველოს ბანკი”, რომელიც მოემსახურება ჩოხატაურელებს და ამასთანავე, გაალამაზებს ტერიტორიას. არანაირი ხის მოჭრა, პარკის გაუქმება და ა. შ. არ იგეგმება და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ. ჩემო პაატა, ფარული გარიგებები და სხვა რაღაცეები შენსკენ მოიკითხე, სულ მალე ძალიან ლამაზი მოწესრიგებული და გალამაზებული ჩოხატაური გვექნება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით”.
მოდით, ვნახოთ ოქმი#8, რომელიც 2023 წლის 29 აგვისტოს ჩატარებულ საკრებულოს სხდომას ასახავს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა თავმჯდომარეობდა და მას ესწრებოდნენ: დავით გუდავაძე, ჯუმბერი ბერძენიშვილი, ბიძინა ცინცაძე, ლაშა თოლორდავა, გოგი ბოლქვაძე, გივი ჩხიკვაძე, ზვიად წეროძე, თემურ ხუხუნაიშვილი, ქეთევან სიხარულიძე, მანანა მინდაძე, დავით ტყეშელიაძე, გოჩა ჯიქია, ლაშა ირემაძე, კახაბერ სიხარულიძე, კობა კალანდაძე, ნოდარ ცხომელიძე, ზაურ ზარბაზოია, ხათუნა ბერიშვილი, ბაჩო ახალაძე, არჩილ სიხარულიძე, მარინე თავაძე, ნინო რამიშვილი.
სხდომას არ დასწრებიან: ზაალ მამალაძე, აკაკი ყაჭეიშვილი, მარინე ბერაძე, ზვიად მამალაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, მაია გიორგაძე, დიმიტრი კორიფაძე, გიორგი მათითაშვილი, კლოდი მდინარაძე, მიხეილ თავართქილაძე, ვალერიან ჩხიკვაძე, ბაია ძნელაძე, მამია ბარამიძე.
საკითხი _ “ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი, (ს.კ.28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრიტაზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის განყოფილების უფროსმა ვალერი ყაჭეიშვილმა წარმოადგინა. წარმოდგენილი საკითხის წინააღმდეგი წავიდა ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” წარმომადგენელი გოგი ბოლქვაძე: “მხარს არ ვუჭერ საკითხის გატანას საკრებულოს სხდომაზე, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია არის პარკის ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნაკვეთის გასხვისების და შემდგომში მასზე რაიმე სახის სამშენებლო პროცესის წარმართვის, როგორც საკუთარი შეხედულებით, ისე ჩოხატაურის მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე”.
წინააღმდეგი წავიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: ნინო რამიშვილი, ხათუნა ბერიშვილი, ბაჩო ახალაძე, არჩილ სიხარულიძე, მარინე თავაძე. საგულისხმოა, რომ სკვერის გასხვისება გააპროტესტეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა _ დავით ტყეშელიაძემ და გოჩა ჯიქიამ.
დავით ტყეშელიაძე: “რადგან წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არის განუსხვისებელი ქონება, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მისი გასხვისება და არ ვუჭერ მხარს განკარგულების მიღებას”.
გოჩა ჯიქია: “უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მართებულია” _ დაფიქსირებულია სხდომის ოქმში.
თანაგუნდელების და ოპოზიციის პასუხად, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ განაცხადა, რომ “საკითხი შემოტანილია კანონის სრული დაცვით”. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე შემდგომაც მედიასთან ამტკიცებდა, რომ “ჩოხატაური დუმბაძის სახელობის სკვერის გაყიდვას არ აპირებს, საუბარია მხოლოდ ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელსაც, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ფუნქცია”.
კენჭისყრაზე, რომელსაც საკრებულოს 23 წევრი ესწრებოდა ასეთი შედეგი დადგა: 15 _ მომხრე, 8 _ წინააღმდეგი. სხდომაზე დამსწრეთაგან “ქართული ოცნების” წევრმა დავით ტყეშელიაძემ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხათუნა ბერიშვილმა, ბაჩო ახალაძემ, არჩილ სიხარულიძემ და მარინე თავაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
სხდომაზე დაწყებული პროტესტი კი მალე ჩოხატაურის ქუჩებში გაგრძელდა და დაპირისპირებაშიც გადაიზარდა _ 3 სექტემბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციების წევრებმა ერთობლივი აქცია ჩაატარეს და კვირა დღეს, ბაზარში ფლაერები დაარიგეს, რომელზეც ჩიგოგიძე, კუჭავა და შარაშიძე იყვნენ გამოსახულები. ოპოზიციის წევრები “ოცნების” წარმომადგენლებს კორუფციაში დებდნენ ბრალს. “ნაცმოძრაობის” შეხვედრა მოსახლეობასთან, მალე ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ოპოზიციამ თავდასხმის ორგანიზებაში ჩიგოგიძეს დასდო ბრალი; ჩიგოგიძემ კი, თავის მხრივ თქვა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართულ პირებს იცნობდა და მის ძალიან ახლო გარემოცვად მოიაზრებიან. მძიმე დაზიანებები მიიღო ოზურგეთის “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ, დაზიანდნენ აქციაში მონაწილე სხვა პირებიც. საბოლოოდ კი, პოლიციამ თავდამსხმელი 4 პირი დააკავა.
პროტესტმა მოიცვა სოციალური ქსელები და აღშფოთებამ დუმბაძის სკვერის “ამოჭრის” გამო, “ქართული ოცნების” პირველი პირების ყურებამდე მიაღწია.
ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებს 5 სექტემბრის საპარლამენტო სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სკვერის ნაწილის გაყიდვა და იქ რამის აშენება დაუშვებელია: “სკვერში, ბაღში და ა. შ. შეიძლება აშენებული იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობა. თემა ამით არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის. ცოტა გვიან გავიგეთ ჩვენ. დაუშვებელია რომ სკვერის ნაწილი გაიყიდოს. გავერკვიე გუშინ დეტალებში. ჩვენს მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს, დღეიდან ყველას ვთხოვ კარგად დაიმახსოვრონ, ვინც არ უნდა იყოს და თქვენ როგორ გააპროტესტოთ ის ისწავლეთ, და როგორ უნდა მოიქცეს ყველა. სკვერის გაყიდვა იმისთვის რომ იქ რამე აშენდეს არის შეუძლებელი და ვერ გაიყიდება. ეს იქნება მაგალითი, რომ სკვერს ვერ მოაჭრი რაღაც ნაწილს და ვერ გაყიდი რომ იქ რაღაც აშენდეს”, _ განაცხადა მდინარაძემ.
5 სექტემბრის ამ განცხადებამ რადიკალურად შეცვალა ძირითადად, საჯარო მოხელეების და მათი ოჯახის წევრების სოციუმის აქტიურობა, რომელიც სოცქსელებში ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს ამართლებდა და საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას ცდილობდა; შეიცვალა თვითმმართველობის პირველი პირების შეუვალი პოზიციაც. მდინარაძის განცხადება “გურია ნიუსთან” ასე შეაფასა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ:
“ეგ საკითხი იყო მსჯელობის საგანი. ჩვენ იმიტომ წამოვწიეთ ეს საკითხი, რომ გვემსჯელა ამის შესახებ, რა იქნებოდა უკეთესი, რა გაკეთებულიყო და ა. შ. ამიტომ, დღემდე ეს საკითხი არის მსჯელობის საგანი. მსჯელობის შედეგად, სანამ არ იქნება მიღებული სწორი გადაწყვეტილება, იქამდე არანაირი მიწა არ გასხვისდება. ჯერჯერობით, მსჯელობის საგანია და მივყვებით პროცედურებს”, _ გვითხრა შარაშიძემ.
დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე, რასაც თან ჩოხატაურის ბაზარში ძალადობრივი თავდასხმის მონაწილეების სასამართლო პროცესები ერთვოდა, 28 სექტემბერს პარტია” ლელომ” სასამართლოში სარჩელი შეიტანა დადგენილების გაუქმების მოთხოვნით; ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საკრებულომ 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი ისევ არ დააყენა.
თუმცა, ერთი თვის თავზე, 30 ოქტომბერს, საკრებულოს მოუხდა საკუთარი გადაწყვეტილება გაეუქმებინა _ ამ დღეს ჩატარებულ სხდომაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ნოდარ დუმბაძის სკვერის სტატუსის შესახებ მიღებული #40 დადგენილება გააუქმეს.
რატომ გააუქმა საკრებულომ თავისივე გადაწყვეტილება? ამის გასარკვევად “გურია ნიუსი” საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა.
კუჭავამ მერიაში გადაგვამისამართა _ მისი თქმით, საკრებულომ თავისი გადაწყვეტილება კი არ გააუქმა, არამედ, მერიის განკარგულებას დაუჭირა მხარი:
“საკრებულომ კი არ გააუქმა თავის გადაწყვეტილება, საკრებულოში შემოიტანა განკარგულება მერიამ დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ და დაუდასტურდა”, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ და მოგვიწოდა, რომ აღნიშნული განკარგულება მერიიდან გამოგვეთხოვა, რის შედეგადაც შევიტყობდით, თუ რის საფუძველზე მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
წერილობითი მიმართვის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან განკარგულება #48 გამოგვიგზავნეს. მერიის #48 განკარგულებაში წერია: “ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი, (ს.კ.28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრიტაზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს #40 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის საფუძველზე, საკრებულო ადგენს:
- ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი, (ს.კ.28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატაზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს #40 განკარგულება.
- განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში,
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. #4.”
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.
საზოგადოებისთვის, ალბათ, საინტერესოა, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლები:
“1. მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.
რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლს, ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას შეეხება და როგორც კოდექსში წერია: “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
- ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;
დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;
ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილი წესით.
- ამ მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი.
- ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
- ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას”.
როგორც საკრებულოს სხდომის ოქმში #10 ვკითხულობთ, “30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დუმბაძის სკვერის შესახებ დაყენებული საკითხის ირგვლივ საკრებულოს არც ერთ წევრს აზრი არ გამოუთქვამს. ღია კენჭისყრაზე კი, დამსწრე 26 დეპუტატიდან, საკითხს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ კობა კალანდაძე წავიდა”.
გადაწყვეტილების გაუქმებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა _ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათი ბრძოლის შედეგია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო ახალაძე: “მოგეხსენებათ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნული სკვერის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით 29 აგვისტოს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რის შემდეგაც პარტია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, მოქალაქეებთან ერთად, აპროტესტებდა დუმბაძის სკვერის სტატუსის დაკარგვას; მართალია, ხელისუფლება შეეცადა პროტესტის ჩახშობას, ჩვენი თანაგუნდელების მიმართ გახორციელდა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი ძალადობრივი ქმედებები და შეურაცხყოფა, თუმცა, ჩვენმა პროტესტმა საბოლოოდ ხელისუფლებას უკან დაახევინა და ძალადაკარგულად გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება დუმბაძის სკვერის გაყიდვასთან დაკავშირებით”.
საკითხს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც _ გრიგოლ მახარაძე სტატუსში წერდა: “… ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გააუქმა ორი თვის წინ მის მიერვე მიღებული მავნე გადაწყვეტილება, რომლითაც დაგეგმილი იყო დაბის ცენტრალური პარკის ნაწილის გაყიდვა სამშენებლოდ გამოსაყენებლად.
ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც პარკის გაყიდვის წინააღმდეგ ხმა ამოიღო.
ამავდროულად, ეს ამბავი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობების სავალალო და “არათვითმმართველ” მდგომარეობას: მუნიციპალიტეტის ორგანოებმა საზოგადოებრივ პროტესტს კი არ გაუწიეს ანგარიში, არამედ ზემოდან (პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, პარტია…) ჩარევას”.
მსგავსი პოზიცია აქვს ალეკო ბერიძესაც, რომელიც აღნიშნულ პოსტზე აკომენტარებს, რომ “სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ბევრად ცუდი (რადგან მარტო ჩოხატაურს არ ეხება) და სამწუხაროა გადაწყვეტილების მიღების ფორმა, როცა მერს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე (ამ ტერიტორიის ფარგლებში მასზე დიდი ლეგიტიმაცია პრემიერსაც არ აქვს) პირს პარტიული ფუნქციონერები მითითებებს აძლევენ და ასრულებინებენ კიდეც. არამარტო “არათვითმმართველ” მდგომარეობაში ვართ, არამედ თვითმმართველობა საერთოდ არ გვაქვს, რაც გვაქვს ეგ მხოლოდ ცენტრალური მმართველობის გაგრძელებაა”.
აქვე გეტყვით, რომ ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 პირს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. საქმის პროკურორი, ლევან კლდიაშვილი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა და ოთხივე დაკავებულს 7 000-7 000 ლარის (ქონების უზრუნველყოფით) გირაო შეუფარდა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, ოზურგეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4-მა პიროვნებამ 20023 წლის 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა დაზარალებულთან მიმართებაში. აღნიშულთან დაკავშირებით ოთხივე პირს ბრალდების მხარემ წარუდგინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და ბრალდებულებთან მიმართებაში ბრალდების მხარემ სასამართლოში იშუამდგომლა პატიმრობა, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში მათი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. რაც გასაჩივრდება, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში”, _ განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება მრავლისმნახველ, მრავალ ჭირვარამგადატანილ სკვერს _ სკვერში კვლავ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს; ამჯერად, “განახლებული რეგიონების” ინფრასტრუქტურული მილიარდიანი პროექტის ფარგლებში.
რუსუდან ოქრუაშვილი,
ლისა კოროშინაძე