9 დეკემბერს,, თბილისში გაიმართება მარში სახელწოდებით _ “შენი ხმა ევროკავშირს“. მანამდე კი აქციის ორგანიზატორები საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და სიმბოლურად შეკერილი 12 ვარსკვლავი გაშალეს.
12-იდან ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი იყო ოზურგეთი. თეატრალურ მოედანზე აქციის ორგანიზატორებმა, ადგილობრივი არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებმა, სიმბოლურად, გურიაში შეკერილი ვარსკვლავი გაშალეს. ამ ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრები იყვნენ.
ნოდარ ჩაჩანიძე, სამოქალაქო აქტივისტი, “შენი ხმა ევროკავშირის“ ორგანიზატორი: 9 დეკემბერს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე და ძალიან კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს ნაბიჯი იქნება ევროპისკენ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირს. რეკორდულად დიდი დროშა გაიშლება შაბათს. ევროკავშირის დიდ დროშას 12 მუნიციპალიტეტიდან ჩატანილი ვარსკვლავები დაამშვენებს.
ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, აქციაზე გასაშლელი ევროკავშირის დროშა სიგრძე-სიგანეში 22X33 მეტრი იქნება.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 9 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან შეურთდებიან მოქალაქეები.
ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ავტორი