ბაღდათში დაშავებული ძაღლი მოკვდა. ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.
“წავიდა ცისარტყელაზე”, _ წერს მიხეილ კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი ჩანს.
“კლინიკაში შემოყვანილ იქნა ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც აღენიშნება თავის ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა. პროცედურების მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ ფილტვები არის შეშუპებული. გულ-მკერდის არეში აღენიშნება პნევმატური იარაღის ტყვია, სავარაუდოდ. დაზიანებული აქვს თავის ქალის მთლიანობა. ამ ეტაპისთვის უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა ძაღლი რჩება კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში”, – თქვა ვეტერინარის ასისტენტმა, ზაქარია პატარკაცაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.