პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში” წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები.
აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს. პროკურატურის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია.
“2 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო, 4 პირის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 6 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.