მეცნიერებმა ესპანეთში მცხოვრები ბასკების წარმომავლობა დაადგინეს. მათი თქმით, ბასკებს გენეტიკურად მეტი საერთო აქვთ პირველ ევროპელ ფერმერებთან, ვიდრე ნეოლითურ რევოლუციამდე, იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ შემგროვებლური კულტურის მქონე ადამიანებთან. კვლევა უფსალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს.
გენეტიკური კვლევა ოთხი ქალისა და ოთხი კაცის ნეშტებს ჩაუტარდა. ისინი გამოქვაბულ ელ-პორტალონში აღმოაჩინეს. გამოქვაბული იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ადამიანები 30 ათასი წლის წინაც ცხოვრობდნენ. რაც შეეხება კვლევის ობიექტებს, ისინი გამოქვაბულში 3500-5500 წლის წინ ცხოვრობდნენ.
ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ 3500-5500 წლის წინანდელ ადამიანები გენეტიკურად ყველაზე ახლოს დღევანდელ ბასკებთან არიან. ეს, სტატიის ავტორის თქმით, ბევრ მეცნიერს გააკვირვებს, რადგან ბასკები პირველი ევროპელი მონადირეების და შემგროვებლების შთამომავლებლად ითვლებოდნენ. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ ბასკების ენა იზოლირებულად და განსხვავებულად განვითარდა სხვა ევროპულ ენებთან შედარებით.
ახალი კვლევით კი ირკვევა, რომ ბასკები პირველ ევროპელი ფერმერების შთამომავლები არიან, თუმცა მათ არ შეხებიათ ევროპაში ფერმერთა შემოდინების მეორე ტალღა. ამის დამადსტურებელი ის ფაქტიც არის, რომ მეორე ტალღის საშუალებით ევროპაში გავრცელდა მუტაცია, რომელიც ზრდასრულ ადამიანს რძის სმის საშუალებას აძლევს. ცნობილია, რომ ეს მუტაცია ბასკებს არ შეხებიათ. აღსანიშნავია, რომ ეს მუტაცია ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული და ნაკლებად – სამხრეთში.