დღეს 2024 წლის ორი იანვარია. ვულოცავ ბედობას ჩვენი ვებგვერდის ყველა ერთგულ მკითხველს. თვითოეულ თქვენგანს, რომელიც ამჟამად ამ წერილის კითხვას შეუდგა, ჩაფიქრებული ოცნებების ასრულებას ვუსურვებ. მინდოდა, რომ დღევანდელი სტატია “განსაკუთრებულად მხიარული” გამოსულიყო, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის გამეცნო ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებების საყვარელი ანეკდოტები.
მსახიობ გივი ბერიკაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. მისი სახელი ნებისმიერმა ჩვენთაგანმა კარგად იცის. ბატონ გივის შემდეგი გამორჩეული ანეკდოტი გააჩნდა:
“ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მდინარეში იხრჩობიან. მოცურავს ვიღაც თეთრწვერა კაცი ნავით და ხედავს, კაცი იხრჩობა. ჰკითხა, სადაური ხარო? ქართველიო – მიიღო პასუხი. ორჯერ ორი რამდენიაო? – კვლავ შეეკითხა. ოთხიო. ამოიყვანა წყლიდან და დასვა ნავში. ცოტა გამოცურა და ახლა მეორე კაცი დაინახა. სადაური ხარო? სომეხიო. სამჯერ სამი რამდენიაო? ცხრაო. ისიც აიყვანა ნავში. არ გასულა დიდი დრო და ახლა მესამე კაცი შეამჩნია რომ იხრჩობოდა. სადაური ხარო? – ამასაც ჰკითხა. აზერბაიჯანელიო. ორიათას შვიდას სამოცდათოთხმეტი რომ ექვსიათას შვიდას სამოცდათოთხმეტზე გავამრავლოთ, რამდენიაო? Слуши, если в лодке места нет, скажи прямо. ”იცით, რაშია საქმე? უფალი გადახედავს ჩვენს ცხოვრებას და ჩადენილი სიკეთის მიხედვით განსჯის, სადაა თითოეული ჩვენგანის ადგილი” – ამბობს ბატონი გივი.
მწერალი რევაზ მიშველაძე ერთხელ ბულგარეთში, ქალაქ გაბროვოში იმყოფებოდა. იქაურებმა ქართველი ერისათვის დამახასიათებელი თვისებების მატარებელი ანეკდოტის მოყოლა სთხოვეს.
“ბაზარში დგას კახელი გლეხი ვანუა და კაკალს ჰყიდის. ცხელა. საქმე ის გახლავთ, რომ ვანუა იქვე ბაზარში ყიდულობს კაკალს კილოგრამს 10 მანეთად და იქვე ჰყიდის კილოგრამს 10 მანეთად. ეკითხებიან: “ვანო, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე გამოგდის. კაპიკს ვერ იგებ, რატომ იკლავ თავს ამ სიცხეში” “მე, შვილოსა, ფული მოგებაი როდი მაინტერესებს, უბრალოდ, კაკლის ჩხრიალი მიყვარს” – მიუგო ვანომ”.
“საანეკდოტო ესტაფეტა” ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, რეზო არველაძეს გადავცეთ:
“სვანს ნაცნობი შემოხვდა, რომელსაც “ლა კოსტას” მარკის მაისური ეცვა, ჯიბესთან ნიანგით.
– გისამძიმრებ, ძმაო, – ეუბნება სვანი, – უნდა გამაგრდე!
– რას მისამძიმრებ?
– რას და – ნიანგის დაღუპვას”.
ბატონი კოტე მახარაძე თავის დროზე ხშირად ყვებოდა შემდეგ ანეკდოტს:
“ბებერი მენავე მტკვრის ერთ ნაპირთან დგას. მასთან ბიჭუნა მივა.
– გამარჯობა, ძია ვანო.
– გაგიმარჯოს, გურამ.
– ძია ვანო, გადამიყვანე იქით ნაპირზე.
– რა პრობლემაა, ოღონდ მითხარი, რა გინდა იქით მხარეს.
– იქით ცეკვებია, კინო, დისკოთეკა, ატრაქციონები.
– კარგი, დაჯექი, სამ მანეთად გადაგიყვან.
– არ მაქვს სამი მანეთი, ვანო ძია.
– აბა, რა ჯანდაბა გინდა იქით ნაპირზე?“.
ერთ დროს პოპულარული პოლიტიკოსი, ქალბატონი გუგული მაღრაძე ერთ ანეკდოტს უცხოელებს თურმე ხშირად უყვებოდა:
“კახელი ხის ჩრდილშია წამოწოლილი, გვერდით ღვინის დოქი უდგას. ჩაიარა მეზობელმა და ეძახის.
– მიხო, ადე, სოფელში უცხოელია ჩამოსული.
– მერე რა, რო? – გაიხედა მიხომ.
– ამბობს ბიზნესის გაკეთებაში დაგეხმარებითო.
– მერე?
– მიხო, ფულს გაშოვნინებთ, მილიონერები გახდებითო.
– ჰო, მერე?
– მილიონი გექნება და არხეინად იგორავებ, მუშაობა ფეხებზე გეკიდება.
– ჯოუ, ეხლა რა, ფეხებზე არა მკიდია”.
ეხლა ბატონ დავით ბაქრაძეს მოვუსმინოთ:
“ქუთაისელს თბილისელი ძმაკაცი ესტუმრა. სხედან, ქეიფობენ და სიგარეტი გაუთავდათ. ქუთაისელმა ძაღლს ფული მისცა და დაავალა, წადი მოიტანეო. მოიტანა. შემდეგ არაყზე გაგზავნა, პურზე. მოაქვს ძაღლსაც და გაგიჟდა თბილისელი, გინდა თუ არა მაჩუქეო. ამანაც აჩუქა. ერთ თვეში თბილისში ესტუმრა და ეკითხება:
– აბა, როგორაა, ძამია, ძაღლი?
– არ ვიცი, შენ რომ გზავნიდი, ხუთ წუთში მოდიოდა, მე რომ ვგზავნი, სამი დღე უნდება.
– მაღაზიის გზა ასწავლე?
– არა.
– აბა, მაგას ქუთაისში უვლია სიგარეტის საყიდლად”.
ქალბატონი ელენე თევდორაძე ქართულ ენასთან ცოტა არ იყოს მწყრალადაა, ამიტომ უხერხულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილა. ერთხელ საქართველოს პარლამენტის სპიკერის რეპლიკაზე, ამ დარბაზში ბევრი ფსიქიკურ გამოკვლევას საჭიროებსო, ელენე თევდორაძემ აღშფოთებით უპასუხა – ჩვენ აქ ყველანი უკვე გამოკვლევებულები ვართო.
ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალისტი ეკითხება ქალბატონ ელენეს, ბატონ შევარდნაძეზე რას იტყვით, როგორი კაციაო. მან კი ასეთი პასუხი გასცა:
– როგორი კაცია, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის პოლიტიკოსი დიდი ასოთი. (უნდა ეთქვა: “Политик с большой буквы”)
ავტორი