ბევრ ბავშვს ეშინია სიბნელის. ყველაზე ხშირია სიბნელის და მარტო დარჩენის შიში, რომელიც დაახლოებით 2-3 წლის ასაკში ან ცოტა მოგვიანებით ჩნდება. ბავშვი გთხოვთ, რომ არ ჩაუქროთ შუქი, ოთახის კარი ღია დატოვოთ, ღამით კი მაინც მშობლების ლოგინში გარბის ან დაძინებაზე საერთოდ უარს ამბობს. რატომ ხდება ასე და როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
სად ვარ?
სიბნელეში ქრება ის პატარა სამყარო, რომელშიც ბავშვი იდეალურადაა ორიენტირებული. მისი სათამაშოები, ნივთები, მთელი ყოველდღიური ცხოვრება ჩრდილების და სიბნელის გროვად იქცევა. ოთახი კარგავს ნაცნობ იერს. შუაღამისას იღვიძებს, ბავშვმა შეიძლება მაშინვე ვერც კი გაიგოს, სად არის. საწოლში მარტო, სიბნელესა და სიჩუმესთან ერთად, უცებ თავს დაუცველად, მიტოვებულად გრძნობს და ის სევდა ეუფლება, რომელიც მარტოობის განცდასთანაა დაკავშირებული.
ასეთი შიშების გაჩენა ზრდას, დამოუკიდებლობის მოპოვებას და განცალკევების გაცნობიერებას უკავშირდება. ეს ის პერიოდია, როცა ყოვლისშემძლეობის ბავშვური ილუზია რეალობით იცვლება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ბავშვისთვის ეს აუცილებელი, მაგრამ გარკვეულწილად მტკივნეული პროცესია. მას თან ახლავს გაქრობის, სიკვდილის შიშის გაჩენა. ამიტომაა, რომ ამ პერიოდში ბავშვებს ასე უჭირთ მშობლების გაშვება. დღის შუქზე ეს შიშები ქრება, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო დარჩება, უბრუნდება მარტოობისა და უმწეობის განცდა.
ნელ-ნელა ასეთი აბსტრაქტული შიში ძალას დაკარგავს უფრო გასაგებ, „მიწიერ“ შიშებად გარდაიქმნება: კუდიანი დედაბერი, მგელი და ა.შ. ამგვარად ბავშვის ფსიქიკა ძალიან ძლიერი ეგზისტენციალური შიშისგან თავისუფლდება, რომლის გაგება და „გადამუშავება“ ბავშვს არ შეუძლია.
როგორ დავეხმაროთ?
არ გააუფასუროთ მისი განცდები, არ უთხრათ, რომ “სისულელეების” ეშინია, რომ “უკვე დიდია”, რომ “სირცხვილია შიში”. უბრალოდ, დაამშვიდეთ, უთხარი, რომ ყოველთვის იქვე ხარ.