ქართველი ხელოვანების დიდი ნაწილის ბავშვობამ და ახალგაზრდობამ იმ წლებში გაიარა, როდესაც იშვიათი იყო ოჯახი ვისი წევრიც დაჭერილი არ გახლდათ. წინა საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს მოგვიანებით 1941-45 წლების ომი მოჰყვა.
დღევანდელ წერილში იმ დროის თბილისი და ადამიანებს შორის არსებული თბილი ურთიერთობები მინდა რომ გავიხსენო. ამჟამინდელ თაობას იმ პერიოდზე ნაკლები ინფორმაცია გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად სხვადასხვა მოგონებებით ივსება.
იმ მძიმე წლებს და საკუთარ, არცთუ დალხენილ ბავშვობას დღეს ბატონები რობერტ სტურუა, მერაბ კოკოჩაშვილი და გიორგი შენგელაია გაიხსენებენ.
რობერტ სტურუა:
„მახსოვს, პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაში არ დავდიოდი. გამეღვიძა და უცებ იმის შიშმა ამიტანა, რომ ოდესმე მოვკვდებოდი. ამ საშინელი განცდის გამო ავტირდი. მაშინ ღმერთზე არავინ ლაპარაკობდა. საიქიოზე ვინ მეტყოდა რამეს. ახლა ღმერთი მწამს, მაგრამ სიკვდილის განცდა ისეთივე დამრჩა, როგორიც ადრე, რომ ეს არის დასასრული…
ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე მოვუმატე და მოვუმატე. დედაჩემმა გაიგონა და შეეშინდა: რა მოხდა, რა მოგივიდაო, დამიწყო მოფერება. ვუთხარი, ოდესმე რომ მოვკვდები, იმიტომ ვტირი, არ მინდა მოვკვდე-მეთქი. შენ არ მოკვდებიო, მითხრა. ვიცოდი, მატყუებდა, მაგრამ მაინც დავმშვიდდი, ტკბილად დამეძინა.
კიდევ რა მახსოვს? მახსოვს, რომ დიდად არ ვიკლავდი სწავლისთვის თავს, მაგრამ ვეშმაკობდი. რა ნიშანიც ატესტატში უნდა გადასულიყო, იმ საგანს ვსწავლობდი. მათემატიკა კარგად ვიცოდი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიადაში მაქვს აღებული პირველი ადგილი მათემატიკაში.
მამაჩემი მეუბნებოდა, როცა გენდომება, რომ სკოლაში არ წახვიდე, მითხარი და შინ დაგტოვებ, არ მინდა ქუჩაში იყიალოო. ვეტყოდი, დღეს არ მინდა წასვლა-მეთქი და ისიც მტოვებდა. დედაჩემი დამინახავდა და იწყებოდა ჩხუბი – რატომ არ წავიდაო. მამა ეტყოდა – დაანებე თავი, ასე სჯობსო…
თავისუფლად გავიზარდე. ყველა პირობა მქონდა, მეკითხა, მეხატა.
დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალი იყო. ერთი ფოტო მაქვს მისი ახალგაზრდობის, ბიჭიკო ჩხეიძესთან ერთად დგას სიგარეტით ხელში. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, მოწევა რომ დავიწყე და დედამ მომისწრო. ვაღიარე, ვეწევი და მამას ნუ ეტყვი-მეთქი… როდიდანო. მეთერთმეტე კლასიდან-მეთქი. მე მეორე კლასიდან ვეწეოდიო! კინაღამ გავგიჟდი…
დიდი ვაჟკაცობა იყო მამაჩემის მხრიდან, რომ დედა ცოლად მოიყვანა. ის ხომ ხალხის მტრის შვილი იყო. მამაჩემს კი ყველა პარტიული ჰყავდა.
დედაჩემის მამას, ვანო ბოლქვაძეს უცნაური ამბავი დაემართა: ცოლშვილიანი იყო, როცა სხვა შეუყვარდა – აფროამერიკელი ქალი, რომელიც როგორღაც შემორჩენილიყო თბილისში, ალბათ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. კინოთეატრ „აპოლოში“ გაეცნო. მოცეკვავე იყო. ბებიას გასცილდა. მალე ბაბუაც და ის ქალიც დააპატიმრეს, როგორც ჯაშუშები და დახვრიტეს.
დედაჩემი უატესტატოდ დატოვეს, როგორც ხალხის მტრის შვილი. მისი და მღეროდა და კონსერვატორიიდან გამოაგდეს, ძმა – პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან. საშინელ დღეში აღმოჩნდა ყველა. მამაჩემმა ბევრი იწვალა, დედაჩემთან ხელის მოწერა რომ მოეხერხებინა…
ბიძაჩემი – ბეჟანი, უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობდა, ერთხანს ფეხსაცმლის შეკეთებაზეც მუშაობდა… დეიდაჩემი ეკლესიაში გალობდა. მან მასწავლა მუსიკის ანაბანა. მუსიკის მასწავლებელი კი დადიოდა ჩვენთან, მაგრამ მკაცრი იყო და მირტყამდა, გამოვაცხადე, აღარ მინდა დაკვრის სწავლა-მეთქი“.
მერაბ კოკოჩაშვილი:
„ორნახევარი ან სამი წლის ვიყავი და იმდროინდელი სხვა არაფერი მახსოვს… შეიძლება – სიცხე მქონდა, შეიძლება – მამა რომ წაიყვანეს, იმას განვიცდიდი ქვეცნობიერად (მამა სწორედ მაშინ წაიყვანეს და დააპატიმრეს. ის მალევე გარდაცვლილა. 1956 წელს ცნობა რომ მივიღეთ, ეს მაშინ გავიგეთ). ვიწექი და კედელს ვუყურებდი. შპალერს უცნაური დიდი ნახატები ჰქონდა და იქ რაღაცას ვხედავდი, მეშინოდა და ვტიროდი.
მაშინ ოჯახში ყველაფერი აწეწილი იყო. დედა დარბოდა, რომ ნავთლუღში, საიდანაც პატიმრები გაჰყავდათ, თვალი მაინც მოეკრა მამაჩემისათვის… მატარებლებში ეძებდა. ყველა თავისი ოჯახის წევრს ეძახდა, დახურული ვაგონებიდან პატარა საჰაეროები იყო გაჭრილი, იქიდან იყურებოდნენ ტუსაღები და ერთმანეთს გადასცემდნენ სახელებს. ამ ყველაფერს მეც განვიცდიდი…
საბავშვო ბაღშიც მახსოვს ჩემი თავი. საბავშვო ბაღში რომ მიმიყვანეს, ძალიან ვღელავდი. ალბათ, 5 წლის ვიქნებოდი… რაკი მშობლები მუსიკოსები მყავდა, მე მომანდეს ჩვენი საბავშვო ბაღის ანსამბლის დირიჟორობა. დაკვრა ჯერ არავინ ვიცოდით, უბრალოდ, ზოგს ზარი უნდა შემოეკრა, ზოგს სიმი ჩამოეკრა, მე კი მემართა ყველაფერი – მედირიჟორა. ამ საპასუხისმგებლო საქმის გამო ძალიან ვნერვიულობდი. ისიც კი მახსოვს, რა კოსტიუმი მეცვა: თეთრი აბრეშუმის პერანგი და ჟილეტი…
ახლა ისეთი მისვლა-მოსვლა აღარ არის, ხალხი უფრო ჩაიკეტა. მაშინ კი ყოველ საღამოს სტუმრად დავდიოდით. გვყავდა ნათესავი ელისაბედ ორბელიანი, რომელიც დღევანდელი სასტუმრო „საქართველოს“ პირდაპირ ცხოვრობდა. შესასვლელში მოხუცი გუვერნიორი გვხვდებოდა, ტახტზე მძინარი. როგორც ჩანს, იმდენად მოხუცი იყო, აღარ შეეძლო რამე გაეკეთებინა და ქალბატონი ელისაბედი არჩენდა. ომის წლები იყო და უჭირდათ. შინ ნავთქურა ენთოთ და ყველაფერი გაჭვარტლული იყო. მაგიდაზე უამრავი ფურცელი ეყარა. „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა ფრანგულად და ლექსებსაც წერდა. სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩემი თეთრი აბრეშუმის პერანგი სულ შავი იყო, მეც გამურული გახლდით ჭვარტლისგან.
მახსოვს, ჩვენს ნათესავთან, ივანე რატიშვილთან სტუმრობაც. ეს ის რატიშვილია, ზამთრის სასახლის კომენდანტი რომ იყო და მთელი ქონება გადაურჩინა რუსეთს. მისი ქალიშვილი გრაფ ლვოვის ცოლი იყო. ივანე რატიშვილი ჩაიკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობდა, ნახევრად მიწურში. ყოველთვის გაპარსული და მოწესრიგებული იყო. ერთხელ არ მახსოვს, დაეწუწუნა“.
გიორგი შენგელაია
„ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის – ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი… მამა სულ ახალგაზრდა – 42 წლის იყო. ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა…
ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას.
თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.
მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი… ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ… ერთ დღეს კი, დაიცალა ჩვენი სახლი.
მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.
ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ლუკმაპური ნატო ვაჩნაძისთვისაც კი საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან, მწერლებთან ერთად… კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.
თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა… ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს…
ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა – სხვა… დედაჩემის მერე – სხვა…“
ავტორი