ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს “ნორმალური ურთიერთობები” აქვს რუსეთთან და ბელარუსთან. ამის შესახებ ავტორიტარმა ლიდერმა, 26 თებერვალს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) დაკავშირებით სომხური მხარის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
“მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება… ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს მათი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა,” – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია”.
“გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითი ისევ საქართველოა. ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან გავიდა. რა, მისთვის ეს უკეთესია? არა. მიზანშეწონილია დაბრუნება. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია, არის სახის დაკარგვა და ასე შემდეგ,” – თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ამბობს, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი მხარს დაუჭერს, უკრაინას, სომხეთს და ასე შემდეგ, მაგრამ “ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: “მისმინე, მე არ გიცნობ. მეგობრებო, პირველად გნახეთ!”.
ლუკაშენკომ სომხურ მხარეს ურჩია, “არ იჩქარონ და არ გააკეთონ უეცარი მოძრაობები”. ასევე მან აღნიშნა, რომ თუ სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს, ორგანიზაცია “არ დაიშლება, არ განადგურდება”.
ცნობისთვის, 22 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა.